მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის საჭიროებები - სახდეპი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობისა და მისი გლდანის საპატიმროს საავადმყოფოში გადაყვანაზე განცხადებას აკეთებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოექცეს სამართლიანად საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას, აქამდე - ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაკავებას და ახლა - მისდამი მოპყრობას. მათ შორის, საქართველოს ომბუდსმენის განცხადებას, რომელიც აჩენს კითხვებს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ამ განცხადების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მთავრობის პასუხისმგებლობაა პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის - ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კერძო ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად", - განაცხადა ნედ პრაისმა.