სად მოხდება სააკაშვილის გამოკითხვა - გლდანის ციხეში გამომძიებლებს ელოდებიან
გლდანის მე-18-ე ციხეში მიხეილ სააკაშვილთან გამომძიებლებს ელოდებიან. მესამე პრეზიდენტის ცემის, არაადამიანური და დამაცირებული მოპყრობის საქმეს პარალელურად იძიებს სახელმწიფო ინპეექტორის სამსახურიც, თუმცა მსჯავრდებული პრეზიდენტის გამოკითხვა გუშინ გამომძიებლებმა ვერ მოახერხეს. ადვოკატები მის გამოკითხვას კლინიკის საკანში ითხოვენ. გადაწყვეტილება კი ამის შესახებ ჯერ იუსტიციის სამინისტროს არ მიუღია.
გამოკითხვამდე მესამე პრეზიდენტს მისი ადვოკატები მოინახულებენ. ადვოკატები ამ წუთებში PCR ტესტის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც სააკაშვილთან შევლენ.
უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ძალადობის საქმის ძიებას უწყება კანონდარღვევით აწარმოებს. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა განხორციელდა.
გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს ყველა იმ ქმედების განხორციელება, რაც ვიხილეთ. გამოძიება დაიწყო, ეს არის არაადამიანური მოპყრობა, ესაა წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა და ამას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პოლიტიზირებული პროკურატურის და სასამართლოს პირობებში ამის ადეკვატური შეფასება დაგვიანდება, თუმცა ამას აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასება", - ამბობს ბასილაია.