აქციებზე 46 ადამიანი დააკავეს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე 46 პირი დააკავეს. როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.
როგორც წინა დღეებში, ასევე დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ", - წერია უწყების განცხადებაში.