აქციის მონაწილეებმა მოახდინეს სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების ბლოკირება - სირაძე
"აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და მოახდინეს სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების ბლოკირება", - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, განაცხადა.
სირაძის თქმით, აქციის სხვადასხვა ლოკაციებზე ჯამში 46 პირი დააკავეს.
როგორც მოგეხსენებათ, „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელის ბლოკირება. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, რომ ეს არის კანონის დარღვევა, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან არსებულ ვითარებაზე, მოვუწოდეთ, რომ გადასულიყვნენ და არ გაეგრძელებინათ კანონის დარღვევა. ამ დროისთვის დაკავებულია 46 პირი ადმინისტრაციულად, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ასევე პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის,“- თქვა ვაჟა სირაძემ.