ოპოზიციის აქციაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლოსა და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ

10.11.21 13:14
ოპოზიციის აქციაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლოსა და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მრავალრიცხოვანი კოლონა დგას. ავტომობილებით უწყებაში ქალაქის მასშტაბით დაკავებული აქტივისტები გადაჰყავთ. მათ ნაწილს სავარაუდოდ დღესვე სასამართლში გადაიყვანენ, ნაწილს კი ღამის გათენება წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოუწევს.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანებიც, რადგან აქტივისტებმა დაკავების დროს სხეულის დაზიანება მიიღეს. ,,პირველებმა" გაარკვია, რომ ერთ-ერთი დაშავებული სამოქალაქო აქტივისტი, ზვიად კუპრავაა.

დაკავებულებთან შესახვედრად ძალოვან უწყებაში უკვე მივიდნენ ადვოკატები.

ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ,,გირჩი მეტი თავისუფლება"-ს ლიდერის, ზურა ჯაფარიძის, ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებები ისე განახორციელა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ. ჯაფარიძე აცხადებს, რომ აქტივისტებტან ადვოკატებს არ უშვებენ.

ჩვენი პარტიის წევრი, ჩელე, დააკავეს ცარიელ ადგილზე, ჩემს გვერდით იდგა, შევტრიალდი კომენტარის მისაცემად და ამ დროს ჩაავლეს და ჩატენეს მანქანაში ისე, რომ ხმა არ ამოუღია საერთოდ. ვიცი, რომ აქ არის გადმოყვანილი, წინასწარი დაკავების იზოლატორში. მასთან არ გვიშვებენ არც ჩვენ და არც ადვოკატს. ამ ხალხის კონსტიტუციურ უფლებას ლახავენ. მოიყვანეს სასწრაფოები, არ ვიცი, რა ხდება, ვინ არის დაშავებული. 

ეს არის ჩვეულებრივი პოლიციური სახელმწიფო და ჰგონიათ, ამით შეაშინებენ ხალხს - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

დღეს აქციებზე  46  აქტივისტი დააკავეს. უკვე საათნახევარია,  ადვოკატები მათთან შესვლას და იურიდიულ დახმარებას ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები