სააკაშვილის ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით გზების ბლოკირება იგეგმებოდა - პენიტენციური
საქართველოს პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქალაქო სასამართლოში ეტაპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა ვერ მოხდება. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის მხრიდან პენიტენციურ დაწესებულებასთან გზების ბლოკირება იგეგმებოდა, რაც მიზნად ქაოსს და არეულობას ისახავდა.
პენიტენციური დაწესებულების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის საქალაქო სასამართლოში გადაყვანა ასევე საფრთხის შემცველია მისი ჯანმრთელობისთვის, რომელიც საგრძნობლად გაუარესებულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.
აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.