დაგვეხმარეთ, არ დაუშვათ, რომ მოგვიკლან - სააკაშვილის დედის მიმართვა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დედა, გიული ალასნია, საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
პატიმრობაში მყოფი, მოშიმშილე პრეზიდენტის დედა დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.
უმძიმესი მდგომარეობა მაქვს, ჩემს თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს. 40 დღეზე მეტია, ის შიმშილობს, დაუმძიმდა მდგომარეობა, დაეწყო ტკივილები, კატეგორიულად არ გადაჰყავთ კლინიკაში, რაც ახლა მას აუცილებლად სჭირდება.
მივმართავ ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს ჩემს შვილს მსოფლიოში, ყველას მივმართავ, დამეხმარეთ! ნუ დაუშვებთ იმას, რომ ასე თვალწინ მოგვიკლან ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო. წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა. რა არის მისი დანაშაული, ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა და ამ სიყვარულის გამო ის ჩამოვიდა თავის ქვეყანაში საშიშროების მიუხედავად, რომელიც სრულიად ნათელი იყო, რომ ელოდა.
ძირითადი მისი დანაშაული ის არის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა თავისი ქვეყანა აგრესორს.
ვიცი, რომ ყველაფერი კეთდება, ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელს და შეუძლებელს, მაგრამ როგორც ჩანს, მეტია საჭიროა, გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე, ძალიან გთხოვთ - აცხადებს გიული ალასანია.