,,ოცნება" სასამართლოს აღარ ენდობა? - ზოგი მოსამართლე ,,ენმ-ს" პოლიტიკურად ექვემდებარება - რატი იონათამიშვილი
,,ქართული ოცნების" ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ შეიცვალა. ადრე თუ მისი მაჩვენებელი უმაღლეს ნიშნულს აღწევდა, დღეს მმართველი პარტიის ლიდერებმა ხელისუფლების ახალი მესიჯი გააჟღერეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, რატი იონათამიშვილის, ინფორმაციით, ,,ნაცმოძრაობა" დღემდე ინარჩუნებს გარკვეულ მოსამართლეებზე პოლიტიკურ ზეგავლენას.
ცალკეული მოსამართლეები ,,ნაცმოძრაობას" პოლიტიკურად ექვემდებარებიან.
ნაცებს ადრე თუ გავლენა მთელს სასამართლოზე ქონდათ, ახლა შეიძლება, ერთ-ორ მოსამართლეზე ქონდეთ მსგავსი გავლენა - განაცხადა დღეს რატი იონათამიშვილმა.
თანაგუნდელის პოზიციას იზიარებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი. ერთ-ერთი სახელისუფლებო მედიის კითხვის საპასუხოდ ვოლსკიმ დღეს განაცხადა, რომ სასამართლოში, სამწუხაროდ, ,,ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ჯგუფი არსებობს.
სამწუხაროა, რომ კი. ,,ნაცმოძრაობამ" შექმნა გარკვეული ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური პოზიციით გამოვა გარკვეულ ვითარებაში, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ გონიერება გადასწონის პოლიტიკურ კონიუქტურას - თქვა გია ვოლსკიმ.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნინო ელეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის წინასწარი პატიმრობა გააუქმა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების აქტს გამოსცემს, მესამე პრეზიდენტი ციხეს რამდენიმე წუთში დატოვებს.