ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებებს დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებს
საქართველოს ხელისუფლება რუსეთისა და ბელორუსის მაგალითს ბაძავს - აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ,,ქართული ოცნების" ქმედებებს დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
აქცია თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 14 საათზე დაიწყება. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებმა შეკრება უკვე დაიწყეს.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა.
ველოდებით აქციას, რომელიც ოპოზიციამ დააანონსა, აქცია ვაჟა-ფშაველას ძეგლთან იქნება, მაგრამ შეიძლება, ჩამოვიდნენ მოდულის შენობასთან. უნდა დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, აქცია უსაფრთხოდ უნდა ჩატარდეს - აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.
სამოქალაქო აქტივისტები დღევანდელ აქციაზე დაჭერებსა და მოვლენების იმგვარ განვითარებას ელოდებიან, რაც გუშინ სუს-ის შენობასთან მოხდა. მათი თქმით, ეს ფაქტი არ შეუშლის ხელს, ბრძოლა განაგრძონ.
აქცია ვაჟა-ფშაველას გამზირზე გუშინ ,,ნაცმოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ, დააანონსა.