კადრები, რომელიც სააკაშვილისადმი დამამცირებელ მოპყრობას ასახავს - მესამე სექტორი შეშფოთებას გამოთქვამს
არასამთავრობო სექტორი იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებით აღშფოთებულია. მესამე სექტორი მომხდარს უმწვავესად აფასებს. ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ხელისუფლება პატიმარ პრეზიდენტს არაადამიანურად ექცევა.
GDI-ის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, თვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ყველა იმ ძალოვანს, რომელიც კადრებში ფიგურირებდა და ასევე იუსტიციის მინისტრს, ბრალი უნდა წარუდგინოს.
ეს კადრები არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა აიღოს როგორც პირდაპირი მტკიცებულება და წაუყენოს ბრალი ადამიანებს არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაში, როგორც უშუალოდ იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს, ასევე გადაწყვეტილებების მიმღებებს, არა მხოლოდ იმ კონკრეტულ ეპიზოდზე, რომელიც ვნახეთ ამ ვიდეოში, არამედ, ვინც მიიღო გადაწყვეტილება ამ დაწესებულებაში გადაყვანის, ვგულისხმობ იუსტიციის მინისტრს ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ. თვითონ იქ მოთავსება წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას, - ამბობს GDI-ის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი.
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ხუციშვილი, არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება სიტუაციის ესკალაციას სპეციალურად ცდილობდეს.
ეს არის პირდაპირი მტკიცებულება ერთის მხრივ ჩვენი სახელმწიფო ინსპექტორისთვის და მეორე მხრივ, სტრასბურგის სასამართლოსთვის, როგორ მოექცნენ მას და როგორ გადაიყვანეს, თითქოსდა სამკურნალოდ, მაგრამ მე კიდევ უფრო მაშფოთებს ის, რა აქვს დღეს დაგეგმილი ხელისუფლებას, ხომ არ უნდა მას საგანგებოდ რადიკალიზაცია სიტუაციის. მე მინდა, პრემიერ ღარიბაშილს მოვუწოდო, ნუ გაყვება ნურც იანუკოვიჩის და ნურც ლუკაშენკოს გზას, - ამბობს ხუციშვილი.
იუსტიციის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ მიათრევენ მიხეილ სააკაშვილს ძალოვანები, რათა გლდანის საავადმყოფოში მოათავსონ.