"წამიყვანეთ უკან, რუსთავის ციხეში" - მიხეილ სააკაშვილის მორიგი ვიდეო გავრცელდა
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მორიგ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რომელიც რეანომობილშია გადაღებული და ასახავს მესამე პრეზიდენტის საუბარს პენიტანციური სამსახურის თანამშრომლებთან. საუბრიდან ირკვევა, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანეს და ის ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
არ გადმოვალ ჩემი ნებით, თქვენ ხართ დიქტატურის მსახურები, არ გესალმებით, შენ ხარ პუტინის მონა, პუტინის ბრძანებას ასრულებ, ივანიშვილის ლეკვო. წამიყვანეთ ეხლავე უკან რუსთავის ციხეში! არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ, არ დავმშვიდდები. თქვენ ასრულებთ პუტინის ბრძანებას, თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები, თქვენ არ ხართ ადამიანები.
მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ, წამიყვანეთ რუსთავის ციხეში", - მიმართავს სააკაშვილი გლდანის მე-18-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, გოგა ორდენიძეს.
პენიტენციურის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სააკაშვილი არ ემორჩილებოდა დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.