ამ ბრძოლას საქართველო მოიგებს - მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვა

11.11.21 19:04
ამ ბრძოლას საქართველო მოიგებს - მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვა

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე -18-ე დაწესებულებიდან ახალ მიმართვას აგზავნის, სადაც განმარტავს, რატომ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და რა პირობებს აყენებს პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტისთვის. 

საქართველოს მესმე პრეზიდენტის განმარტებით, მისი შიმშილობის ფაქტს ხელისუფლება იყენებს საზოგადოებაში დაპირისპირების გამოსაწვევად, რასაც სავარაუდოდ, მოჰყვება რუსეთის საოკუპაციო ძალების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა.  

მიხეილ სააკაშვილი თავის ახალ წერილში იმ პირობებს აყენებს, რა შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას.

მივმართავ ყველა ქართველს, ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველივე დღიდან დღემდე მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა. დამკვეთი ერთადერთია-ვლადიმერ პუტინი. დღეს გავრცელებული კადრები, რომელიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ - ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს ხელისუფლებას. ამიტომ თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები. თუმცა ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია მათ მიერ ,,საზღვართან საფრთხის განეიტრალების" საფარქვეშ.

შესაბამისად, როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტს, არ მაქვს უფლება, არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფას. ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსებისა და ამ ქვეყნის ხელისუფლების ბრძოლის იარაღი. ოღონდ არა ჩემს, არამედ, საქართველოს წინააღმდეგ. 

აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოსა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. მეორე - ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა. შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. გლდანის საავადმყოფოში ამის პირობები არ არის. ამასთან, არ ვენდობი იმ პერსონალს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს. ამასთან, აქ არ არსებობს უსაფრთხოების დაცვის გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგან რუსული საოკუპაციო ჯარი მისი შენობიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება. იმ რუსეთის, რომელიც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია. 

ვითხოვ, ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ სამოქალაქო საავადმყოფოში ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის პერიოდში. კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალი ექიმებისგან შემდგარი და პარიტეტულ საწყისებზე, ჩემი და სახელმწიფოს წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობით. კონსილიუმის გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო, რომელსაც მეც დავემორჩილები და სახელმწიფოც.

ამ ვითარებაში, როგორც კი შესრულდება ეს მოთხოვნები და გადამიყვანენ გლდანის დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოში, შიმშილობას დაუყონებლივ შევწყვეტ.

ხელისუფლება ჩამოშლილია. ახლა ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ჩვენი ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე. უნდა დავირაზმოთ კიდევ უფრო მეტად. ამ ბრძოლას საქართველო მოიგებს - აღნიშნულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახალ მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები