ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება - გზავნილები დასავლეთიდან
საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, რომელიც დასავლეთის გზას არ ჰგავს - ეს მოსაზრება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოითქვა. ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი უფრო მკაფიო უნდა იყოს საქართველოსთან, რადგან "ოცნებას" დიპლომატიური ენა აღარ ესმის.
ევრონესტის ასამბლეაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. ევროპარლამენტარების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საქართველომ ევროკავშირის ნდობა დაკარგოს, რადგან ამის ნიშნები უკვე არსებობს.
აღარ არის საკმარისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის იმის თქმა, რომ განახორციელეთ რეფორმები და შემდეგ ვნახავთ. ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება - დაიკარგოს ნდობა ხალხში. შესაძლოა, ამ ქვეყნებმა რეფორმების კეთების მოტივაცია დაკარგონ. სწორედ ამის დასაწყისს ვხედავთ საქართველოში, ეს ძალიან მაშფოთებს. ახლა უნდა ვიმოქმედოთ", - ამბობს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე.