თუ "ოცნება" ვალდებულებებს არ შეასრულებს, უნდა დადგეს ასოცირების შეთანხმებისა და კანდიდატის სტატუსის გადახედვის საკითხი - ბუდრისი

21.04.26 13:16
თუ "ოცნება" ვალდებულებებს არ შეასრულებს, უნდა დადგეს ასოცირების შეთანხმებისა და კანდიდატის სტატუსის გადახედვის საკითხი - ბუდრისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი აცხადებს, რომ ევროკავშირმა "ქართული ოცნებისთვის" სანქციების დაწესება დააგვიანა. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ბუდრისის თქმით, ერთი წლის შემდეგ დემოკრატია საქართველოში კიდევ უფრო მეტად უკან იხევს ეს არის შედეგი, ამიტომ ევროკავშირმა ნაბიჯები ახლა მაინც უნდა გადადგას. 

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ თუ "ოცნება" ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს, მაშინ უნდა დადგეს ასოცირების შეთანხმებისა და კანდიდატის სტატუსის გადახედვის საკითხი.

ჩვენ დავაგვიანეთ. ერთი წლის წინ ლიეტუვამ უკვე შემოგთავაზათ ეს სანქციები, ისევე როგორც ჩვენ ეროვნულ დონეზე დავაწესეთ ისინი. სწორი იქნებოდა მათი ევროკავშირის დონეზე მიღება. დღევანდელ სიტუაციას რომ ვუყურებთ, ერთი წლის შემდეგ დემოკრატია საქართველოში კიდევ უფრო მეტად უკან იხევს ეს არის შედეგი. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ. ასეთია მოცემულობა, ამიტომ ახლა მაინც უნდა გადავდგათ ნაბიჯები.

საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. მათ აიღეს ვალდებულება, რომ დაიცავდნენ დემოკრატიულ სტანდარტებს. ახლა მათზეა დამოკიდებული ამ ვალდებულებების შესრულება. თუ ისინი ამისათვის მზად არ არიან, მაშინ უნდა დადგეს ასოცირების შეთანხმებისა და კანდიდატის სტატუსის გადახედვის საკითხი. თუ ამ პროცესს დავასრულებთ, მაშინ სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით, - განაცხადა კიასტუტის ბუდრისმა. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.

შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით, მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს დაეთმობა, ერევანში დაგეგმილი „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტის წინ.

დისკუსიის ერთ-ერთ თემად ასევე დასახელებულია საქართველოში არსებული ვითარება.

 

მსგავსი სიახლეები