პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარებს
"ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირმა 31 ბავშვი, ფაქტობრივად, გაწირა ტრაგედიისთვის" - ასე ეხმაურება პარტია "გახარია საქართველოსთვის" "ქართული ოცნების" მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებას.
პარტიაში ამბობენ, რომ ისინი სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში დაიბარებენ მიხეილ სარჯველაძეს, სადაც მას კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.
ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ, რომელიც თვეების განმავლობაში ვერ ბედავდა სასოწარკვეთილ მშობლებთან პირისპირ შეხვედრას და თვალებში ჩახედვას, რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგით, ფაქტობრივად, უარი განაცხადა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლო პრეპარატის დაფინანსებაზე.
ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირმა 31 ბავშვი, ფაქტობრივად, გაწირა ტრაგედიისთვის, ბავშვები, რომლებიც სწორედ მისგან ელოდნენ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ერთადერთ შესაძლებლობას. მშობლებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია ის არგუმენტები, რომელზეც აპელირებდა ბატონი სარჯველაძე.
აქედან გამომდინარე, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება, როცა ეს ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ," - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა ქეთევან ბაკარაძემ.
ცნობისთვის, დღეს დილით მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ.
ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი ირწმუნებოდა იმასაც, რომ მედიკამენტები, რომელსაც დედები შვილებისთვის ითხოვენ, ჯანმრთელობისთვის სარისკოა.
ამასთან, სარჯველაძის განცხადებით "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ წამლები, რომლებსაც აქვს პრეტენზია, დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითიც ეტლის საჭიროების ასაკი, შეიძლება, 1-დან 3 წლამდე გადავადდეს".