რუმინეთის საგარეო მინისტრი: საქართველოს სჭირდება სასამართლო რეფორმები

21.04.26 15:07
რუმინეთის საგარეო მინისტრი: საქართველოს სჭირდება სასამართლო რეფორმები

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტმა და ბრიუსელმა ოფიციალურ თბილისს მკაფიო გზავნილი გადასცეს. მისი თქმით, აუცილებელია სასამართლო რეფორმები, დემოკრატიული პროცესების დაცვა და პრორუსული გავლენების წინააღმდეგ პროევროპული ალტერნატივის გაძლიერება.

სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, მქონდა საუბარი აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საქართველოსთან მიმართებით, როგორც რუმინული, ისე ევროპული მხრიდან გადავეცით ძალიან მკაფიო გზავნილი.  აუცილებელია რეფორმები სასამართლო სისტემაში.  საჭიროა დემოკრატიული პროცესების დაცვა.  უნდა გაგრძელდეს მუშაობა პრორუსული გავლენების ალტერნატივის შესაქმნელად. ეს ალტერნატივა უნდა იყოს ორიენტირებული ეკონომიკურ ზრდასა და კავშირებზე, რაც ჩვენთვის, შავი ზღვის რეგიონში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ეს არაერთხელ მითქვამს და სწორედ ეს გზავნილი გადავეცი საგარეო საქმეთა მინისტრსაც. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი დაკავშირებულია ევროპულ ოცნებასთან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ აუცილებელია დიალოგის განახლება და ამ გზაზე სვლა, თუმცა ამისთვის რეფორმებია საჭირო. კერძოდ, სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ინსტრუმენტი დემოკრატიულ პროცესებში ჩასარევად.  ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან, უნდა სარგებლობდნენ ნამდვილი მართლმსაჯულების სისტემით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რაც ჩემი კოლეგისთვის მთავარი პრიორიტეტი იყო. გამოსავალი და წინსვლის ერთადერთი გზა არის ღია დიალოგი და ჩვენი შესაძლებლობა, შევქმნათ პროევროპული ალტერნატივა, რომელიც დაუპირისპირდება პრორუსულ გავლენებს, - თქვა რუმინელმა მინისტრმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.

შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით, მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს დაეთმობა, ერევანში დაგეგმილი „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტის წინ.

დისკუსიის ერთ-ერთ თემად ასევე დასახელებულია საქართველოში არსებული ვითარება.

 

მსგავსი სიახლეები