"ოცნების" 14 წელი - რა გზას დაადგა ივანიშვილის პარტია
პარტია „ქართული ოცნება“ დაარსებიდან 14 წლისთავს აღნიშნავს — პოლიტიკური ძალა, რომელიც 2012 წელს ცვლილებების დაპირებით მოვიდა, დღეს უკვე განსხვავებულ რეალობაში აფასებს საკუთარ გზას.
ტაშისმკვრელები წლების განმავლობაში შეიცვალა, თუმცა მთავარი ფიგურა უცვლელი დარჩა. სწორედ ამ დღეს, 14 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური მიზნები პარტიად ჩამოაყალიბა და გუნდთან ერთად განაცხადა, რომ 2012 წელი გარდამტეხი ცვლილებების დასაწყისი იქნებოდა.
მიზანი ნაწილობრივ მიღწეული იყო — თუმცა არა ერთპიროვნულად. „ქართული ოცნება“ კოალიციურ ფორმატში ჩამოყალიბდა და რამდენიმე პარტიასთან ალიანსი გააფორმა. სწორედ ეს კადრები ასახავს იმ შეთანხმების ფინალურ ეტაპს, როდესაც გაფორმდა კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაცია. დოკუმენტში საუბარი იყო ავტორიტარული მმართველობის დასრულებაზე, პოლიტიკური მესიანიზმის უარყოფაზე, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების ტრადიციის დამკვიდრებაზე, სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნაზე და უმუშევრობასთან ბრძოლაზე — ეს იყო დაპირებები, რომლებიც საზოგადოებას 14 წლის წინ მიეცა.
თუმცა კოალიციური ერთობა მალევე დაირღვა. ის პოლიტიკური პარტნიორები, რომლებიც არჩევნებამდე ერთად იდგნენ, ეტაპობრივად ჩამოშორდნენ გუნდს — ნაწილი წავიდა, ნაწილი კი წასვლას აიძულეს. მიზეზად ხშირად სახელდებოდა განსხვავებული ხედვები და იმედგაცრუება იმ გზით, რომელსაც ხელისუფლება ირჩევდა.
დაპირებების შეუსრულებლობის პირველი ნიშნებიც მალევე გამოიკვეთა. ერთ-ერთ მაგალითად სახელდებოდა მაშინდელი ხელისუფლების კრიტიკის ფონზე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. მათ შორის იყო ლევან მურუსიძესთან საჯარო კომუნიკაცია და ძველი მოსამართლეების ე.წ. „რებრენდინგი“, რამაც თავად გუნდშიც დაპირისპირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში იყვნენ ისინიც, ვინც ამ პროცესს მხარდაჭერას უცხადებდა.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.