დღევანდელი "საკადრო კარუსელი" ივანიშვილის რეჟიმის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა - ოპოზიციის ალიანსი

21.04.26 23:47
დღევანდელი "საკადრო კარუსელი" ივანიშვილის რეჟიმის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა - ოპოზიციის ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, დღევანდელი "საკადრო კარუსელი" ივანიშვილის რეჟიმის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა.

მათი თქმით, “ამ მდგომარეობამდე ავტოკრატი ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობამ მიიყვანა.“

"საკუთარი მავნე განზრახვების განსახორციელებლად, რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება თავის წიაღში სტაბილურობა; თუმცა ეს სტაბილურობა მისთვის შეუძლებელ ამოცანად იქცა: სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.

ამ მდგომარეობამდე ავტოკრატი ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობამ მიიყვანა. არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციებთან ერთად, რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს; ქართულ ოცნებაში ნდობის კრიზისი ღრმავდება.

ოპოზიციის ალიანსი გააგრძელებს არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოვაცლით და მიტაცებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის სამსახურში არ დავაბრუნებთ.

ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დამკვიდრება, გათელილი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს შეუქცევადი დაბრუნება ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზე.

26 მაისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე!" - წერია ალიანსის მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები