კახა კალაძე: რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ
" რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ?!"- ასე ეხმაურება თბილისის მერი ლუქსმებურგიდან მიღებულ გზავნილებს.
„სანქციებთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია. დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, ქვეყნის მომავალს და ქართველი ხალხის ინტერესს. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, სადაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესია დაცული. რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი. ზოგადად ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებით და შანტაჟით შემოიფარგლებიან. ამდენი ხანია მათგან მოდის მუქარა, თუნდაც ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს, რატომ არის აღნიშნული კანონი პრობლემა ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, მაშინ როცა სხვადასხვა ევროპული ქვეყანა თავად საუბრობს მსგავსი კანონის აუცილებლობაზე. ჩვენ რომ ეს კანონი მივიღეთ, გახსოვთ რა შემოტევები იყო და დღესაც იგივე გრძელდება“ - ამბობს კალაძე.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას" - განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.
კალასმა ასევე ისაუბრა პერსონალური სანქციების საკითხზე.
ჟურნალისტის კითხვას: "შეგვიძლია ველოდოთ, რომ პერსონალური სანქციების საკითხი დღის წესრიგში დადგება და შეიძლება წინ წავიდეს?"კალასმა ასე უპასუხა - "რა თქმა უნდა, მე ვერ ვისაუბრებ უნგრეთის ახალი მთავრობის სახელით, სანამ ისინი ჩამოყალიბდებიან. ამის შემდეგ ისინი მოვლენ და შეგვეძლება ეს ყველა კითხვა მათ დავუსვათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი საკითხი, რომელიც [ორბანის მთავრობის მიერ] დაბლოკილი იყო, ახლა ხელახლა იხსნება განხილვისთვის და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ დადებით შედეგებს.