"ოცნების" დეპუტატი: დღეს ვარ პარლამენტში, ხვალ არ ვიქნები
საკადრო ცვლილებების ფონზე "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ "ყველაფერი კარგადაა". გიორგი გაბუნია ირწმუნება, რომ ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა, ხოლო თანამდებობრივი ცვლილებები პოლიტიკურ სისტემაში ბუნებრივ პროცესს წარმოადგენს.
გაბუნია ასევე ამტკიცებს, რომ "ოცნების" ხელისუფლების მთავარი მიზანი ქვეყნისა და საზოგადოების სამსახური რჩება.
ჩვენ გუშინ ვნახეთ გარკვეული ბორგვები ჩვენი ოპონენტებისა. მე მინდა, მათ ვუთხრა, რომ ყველაფერი არის რეალურად ძალიან კარგად და ძალიან მაგრად. საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ეყოლება ძალიან ძლიერი ხელმძღვანელები. არგუმენტების და დასაბუთების გარეშე საქართველოს ხელისუფლებაში, ისევე, როგორც პარლამენტში, არ იქნება მიღებული არცერთი გადაწყვეტილება და არგუმენტებს მოისმენს საზოგადოება სასესიო ფორმატში. თანამდებობა, რა თქმა უნდა, მარადიული არ არის, მეც შემიძლია ჩემს თავზეც გითხრათ, რომ არასდროს ვიქნები მუდმივად პარლამენტში - დღეს ვარ, ხვალ არ ვიქნები, მაგრამ ჩვენი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ თითოეული წუთი, თითოეული წამი და საათი ჩვენ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, - ამბობს გიორგი გაბუნია.
"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ გუშინ 21 აპრილს თქვა, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება.
მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება - ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი].
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ.