მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთში ეკოლოგიის სამიტს დაესწრო და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე სიტყვით გამოვიდა
მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთში რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომას დაესწრო და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერება, კლიმატის პოლიტიკის განვითარება და მწვანე, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
დღეს, გარემოს დაცვა აღარ წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიების თემას, არამედ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე, საზოგადოებისა და მოქალაქეების ყოველდღიურობაზე. კლიმატის ცვლილება, წყლის უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის რისკები თუ გარემოს დაბინძურება - ეს გამოწვევები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის ჩვენი საზოგადოების მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.
ამ კონტექსტში, ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებასა და მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას. აღნიშნული პრიორიტეტები ჩვენი ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების განუყოფელი ნაწილია და მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა ასევე, საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ქვეყნის პრეზიდენტს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.