ინფარქტის შემთხვევაში სააკაშვილს დერეფანში მოუწევს ლოდინი - ეკა ხერხეულიძე
იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილის ე.წ. "რეზბალნიცაზე" გადაყვანის საჭიროება დადგა, იქ მყოფი პატიმრების ევაკუაცია იქნება საჭირო, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გადაცემა "პირველ ხაზში" განაცხადა.
ხერხეულიძის განმარტებით, მესამე პრეზიდენტი არა ციხის საავადმყოფოში, არამედ ჩვეულებრივი საკანში იმყოფება, სადაც სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია.
მე დავუსვი მიშა სააკაშვილს კითხვა, აი ვთქვათ, ღამე, როდესაც გძინავთ, ან აპირებთ ძილს და სათვალთვალო კამერა ვერ აფიქსირებს თქვენს მოძრაობას, ეს არის ნორმალური, ჯანმრთელი ადამიანის მოძრაობა თუ შეუძლოდ მყოფი ადამიანის მოძრაობა, როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომ თქვენ სასწრაფოდ გჭირდებათ დახმარება? ვერცერთ შემთხვევაშიო, მითხრა. ამ ოთახიდან მეხუთე სართულზე, ამ დაცლილი ამბულატორიის ოთახიდან, რომელიც საკნად არის გადაკეთებული, უნდა გაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ქვედა სართულზე, ე.წ. "რეზბალნიცაში" , ოღონდ უნდა მოხდეს იქ მკურნალობის ქვეშ მყოფი პატიმრების ევაკუაცია. ინფარქტის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი დერეფანში უნდა დაელოდოს იმას როდის დაცლიან, პატიმრებს უსაფრთხოდ როდის გადაიყვანენ. გვერდით ოთახში არის ექიმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოთმინება რომ დაილევა, მერე შესაძლებელია ხმა მიაწვდინოს, რომ დაეხმაროს. ერთი ადამიანია, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს დარაჯობს. რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში როდესაც ყველაზე დაუცველ გარემოში იმყოფება ის, - თქვა ხერხეულიძემ.
ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში გუშინ გვიან ღამით მოინახულა. ციხის შინაგანაწესიდან გამომდინარე შაბათ-კვირას , ანუ დღეს და ხვალ მასთან მნახველების შესვლა არ მოხდება. საჭიროების შემთხვევაში გამონაკლისი მხოლოდ მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყოფშიძე იქნება.