გიგა ლემონჯავა სააკაშვილის ბოლო განცხადებას აფასებს
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა სააკაშვილის განცხადებებზე პასუხის გაცემას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ “ინციდენტი ამოწურულია“.
როგორც მან “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში “ განაცხადა, ის არ აპირებს ხელი შეუწყო რაიმე ტიპის დაპირისპირებას ოპოზციურ ალიანსში, რადგან ეს ალიანსი აბსოლუტურად სხვა მიზნებისთვის შეიქმნა.
ეს ინციდენტი ამოწურულია იმ ნაწილში, რომ ოპოზიციური ალიანსის შეთანხმების იმ დათქმამ, რომელიც გულისხმობს თავდაუსხმელობას, ამ შემთხვევაშიც იმუშავა და ასევე მე ვნახე სააკაშვილის პოსტი იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა ალიანსის დატოვებას არ აპირებს, რაც არის სწორი გადაწყვეტილება. ოპოზიციის ალიანსი შეიქმნა ზუსტად ამ მიზნებით, რომ გაერთიანებული ძალებით დამარცხდეს რუსი ოლიგარქი ამ ქვეყანაში. ამიტომ, არცერთი ნაბიჯით არ ვაპირებ ხელი შევუწყო რაიმე ტიპის დაპირისპირებას ოპოზიციურ ალიანსში. მეორე, ოპოზიციურ ალიანსს აქვს განსაზღვრული ქცევის წესები, ეს არის ერთი ნაწილი, გაცილებით უფრო შინაარსობრივი და მნიშვნელოვანი შეთანხმება, სტრატეგიული შეთანხება ივანიშვილის დამარცხებასთან დაკავშირებით. მე ვარ კონცენტრირებული ბოლომდე ამ მიმართუელბაზე. მნიშვნელოვანია იმ შეთანხმების დაცვა, რომლის ირგვლივაც შეიქმნა ეს ალიანსი და ბუნებრივია ჩვენ ვიცავდით, გავაგრძელებთ ამ შეთანხმების დაცვას და ეს არის ალიანსისთვის სწორედ კრიტიკულად მნიშვნელოვანი,- განაცხადა ლემონჯავამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, დღეს დაწერა, რომ “არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ აპირებს“.
ოპოზიციაში ვნებათაღელვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხელ სააკაშვილმა, 18 აპრილს ერთ-ერთ ადამიანს არცთუ უნიჭო და ენერგიული პოლიტიკოსი უწოდა, რომელიც მისი თქმით, ცდილობა ახალი მიშა გამხდარიყო, რასაც არაერთო გამოხმაურება მოჰყვა.
განცხადებიდან ორ დღეში, 20 აპრილს ოპოზიციის ალიანსის სახელით გავრცელდა განცხადება, სადაც ეწერა რომ "არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად".