ვოლსკიმ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას კობახიძე-ვარჰეის ზარი გაიხსენა და მუქარაზე ისაუბრა

24.04.26 13:20
ვოლსკიმ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას კობახიძე-ვარჰეის ზარი გაიხსენა და მუქარაზე ისაუბრა

"ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება მუქარაა - დღეს გია ვოლსკიმ მედიასთან საუბრისას ირაკლი კობახიძის და ევროკომისარ ვარჰეის შორის 2024 წელს გამართული სატელეფონო საუბარიც კი გაიხსენა და ისევ ირწმუნებოდა, რომ პრემიერ-მინისტრს მაშინ დაემუქრნენ. 

ახლა მუქარის ახალი ხარისხია წინ წამოწეული, თუმცა არ მგონია, რომ ეს ჰერჩინსკის ბრალი იყოს - ამბობს ვოლსკი. 

რაც შეეხება პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას, ვოლსკიც, მისი თანაგუნდელების მსგავსად, ამობს, რომ ელჩი "რასაკვირველია უნდა დაიბარონ". 

ეს არის მუქარა, რომ ბნელ წარსულში დაბრუნება, სისხლისღვრა, დაპირისპირება არის სწორედ ის მიზანი, რომელსაც გაჰყვება ბრიუსელის ადმინისტრაცია, თუკი საზოგადოების ეს ნაწილი მორჩილი არ იქნება.

ადრე ხალხს მხოლოდ მათ ეძახდა, ვინც რუსთაველის გამზირზე იყო გამოსული, ახლა მთლიან საზოგადოებას ახსენებს, რომ მათ ხელეწიფებათ საქართველოში მოაწყონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლისღვრასთან და ეკონომიკურ ნგრევასთან. ეს არის მუქარა.

გახსოვთ პერსონალური მუქარა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიმართ გაჟღერდა, რომ თუკი იგი არ დაიხევდა უკან და არ მოიხრიდა ქედს, დაემართებოდა იგივე, რაც დაემართა ფიცოს, როდესაც მას ექვსი თუ შვიდი ტყვია ესროლეს. ეს პირდაპირ ევროკომისარმა უთხრა ირაკლი კობახიძეს, რომ იყოს დამჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იგივე მოუვიდეს, რაც მოუვიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს. შემდეგ იყო სხვა სახის მუქარა. ახლა მუქარის ახალი ხარისხია წინ წამოწეული, თუმცა არ მგონია, რომ ეს ჰერჩინსკის ბრალი იყოს. იგი ინსტრუქციას ასრულებს, მით უმეტეს მალე უმთავრდება საქართველოში საქმიანობის ვადა.

რასაკვირველია უნდა დაიბარონ - ეს პოლიტიკური დემარშიც არის და ამასთანავე, საქმიანი საუბარიც უნდა შედგეს", - ამბობს ვოლსკი. 

რა თქვა ევროკავშირის ელჩმა: 

 პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ "საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება".

"საქართველო გზაგასაყარზე დგას. ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება" - თქვა ჰერჩნკიმ.