მწარიაშვილი: „სისხლის კოდექსში დაემატა ახალი მუხლი — პოლიტიკური აქტივობა“

24.04.26 15:36
მწარიაშვილი: „სისხლის კოდექსში დაემატა ახალი მუხლი — პოლიტიკური აქტივობა“

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იმ ახალ მუხლს აკრიტიკებს, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს საჯარო აქტივობას უკრძალავს. მისი შეფასებით, აღნიშნული ნორმა არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე მოქმედ სამოქალაქო და სისხლის სამართლის პრინციპებს და ფაქტობრივად ზღუდავს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს.

მწარიაშვილის თქმით, ახალი რეგულაცია ბიზნესის წარმომადგენლებს არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ზღუდავს და მათ უკრძალავს ნებისმიერი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას.

ჩვენ სისხლის კოდექსში გვაქვს მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გაუპატიურება, ფულის გათეთრება, არაერთი დანაშაული, ხომ? ახლა სისხლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი - პოლიტიკური აქტივობა. პოლიტიკური აქტივობა მთელ ცივილიზებულ საზოგადოებაში ეს არის ლეგალური პროცესი. ბიზნესს, ანუ სამეწარმეო სუბიექტებს ეკრძალებათ ყველაფერი. ეკრძალებათ პირის გახსნა, აზრის დაფიქსირება, პოზიციონირება ანუ მათ ეკრძალებათ, იყვნენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ამ მუხლის დისპოზიციით. კანონი დაახლოებით ასე იკითხება, გინდა, ბიზნესი აკეთო ამ ქვეყანაში? გეკრძალება ნებისმიერ საკითხზე ხმის ამოღება. ანუ საზოგადოების ორგანიზაციის ყველა ფორმას ეხება ეს მუხლი - ანუ მათ ყველას, ერთად აღებულს და ცალ-ცალკე, ეკრძალებათ ნებისმიერი პოზიციონირება საზოგადოებაში ნებისმიერ საკითხზე, წინააღდეგ შემთხვევაში, შედეგად მიიღებენ პატიმრობას და ბიზნესის ლიკიდაციას. ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს  კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდესს, ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კანონმდებლობას სრულად და ყველა პრინციპს სისხლის სამართალში,- ამბობს იურიდიუი ფირმის "ბიზნესის იურიდიული ბიუროს" უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი.

ბიზნესმენი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიერ საჯარო აქტივობის შეწყვეტა საქართველოში მიღებულ ახალ კანონმდებლობას უკავშირდება. მისი განმარტებით, მოქმედი რეგულაციები ბიზნესის წარმომადგენლებს უზღუდავს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და პრაქტიკულად უზღუდავს აზრის საჯაროდ გამოხატვის უფლებას.

ქიქავა აღნიშნავს, რომ კანონი ბიზნესმენებისთვის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს — მათ შორის ჯარიმებს, ბიზნესის ლიკვიდაციასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომელიც შესაძლოა 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.

 

მსგავსი სიახლეები