"შაბათის ეთერი": ჩვენს გუნდზე განხორციელებულ კამპანიურ თავდასხმებს ჟურნალისტებზე ზეწოლად მივიჩნევთ

27.04.26 16:13
"შაბათის ეთერი": ჩვენს გუნდზე განხორციელებულ კამპანიურ თავდასხმებს ჟურნალისტებზე ზეწოლად მივიჩნევთ

 

 

„ტვ პირველის“ საგამოძიებო ტელეპროექტი შაბათის ეთერი, ჩვენს გუნდზე განხორციელებულ კამპანიურ თავდასხმებს ჟურნალისტებზე ზეწოლად მივიჩნევთ. ამ ქმედებების მიზანია, მედიის წარმომადგენლებმა შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა და უარი თქვან საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაზე.

უკვე მეორე დღეა, საქართველოს პროკურატურისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან მიმდინარეობს თავდასხმების სერია გადაცემა „შაბათის ეთერის“ გამომძიებელ ჟურნალისტებზე. აღნიშნული აგრესია მოჰყვა პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მამის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟს.

ბეჟან ბეჟუაშვილის იმ ბრალდებების საპასუხოდ, რომლებიც ტელეკომპანიების — „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ეთერში გაჟღერდა, „ტვ პირველი“ ასაჯაროებს მასთან შემდგარი კომუნიკაციის ჩანაწერს. ეს კომუნიკაცია 2026 წლის 24 აპრილს, რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე ერთი დღით ადრე შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ჟურნალისტს ბეჟუაშვილთან უკვე ჰქონდა ჩაწერილი ინტერვიუ პროკურატურასა და საგამოძიებო სამსახურში შესულ საჩივრებზე, მას დამატებით შევთავაზეთ დიდი ოდენობით თანხების მითვისების საქმეზე არგუმენტების, წერილობითი მტკიცებულებების ან განმარტებების წარმოდგენა, რაზეც ბეჟან ბეჟუაშვილმა უარი განაცხადა.

რეპორტაჟში წარმოდგენილი იყო, როგორც საგამოძიებო უწყებაში შეტანილი საჩივრების ავტორების პოზიცია და მათი დოკუმენტები, ასევე ბეჟან ბეჟუაშვილის განმარტება ვიდეო ინტერვიუს სახით. 

ბეჟან ბეჟუაშვილის ბრალდება, თითქოს მის წინააღმდეგ მომზადებული რეპორტაჟები მისი შვილის — 4 ოქტომბრის საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება, სიცრუეა. (შეგახსენებთ, თამარ ბეჟუაშვილი არის პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძის საქმის პროკურორი). პირველი რეპორტაჟი, რომელიც ბეჟან ბეჟუაშვილის მიერ რუსული ნავთობით ვაჭრობას ეხებოდა, ეთერში 2026 წლის 14 მარტს გავიდა. ამ რეპორტაჟის შემდეგ ბეჟან ბეჟუაშვილმა პირადად გადაგვიხადა მადლობა მისი პოზიციის სრულყოფილი წარდგენისთვის.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენს გუნდზე თავდასხმა პირველი არ არის. ანალოგიური შინაარსის კამპანიები წარმოებდა ირაკლი ღარიბაშვილის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და რომეო მიქაუტაძის შესახებ მომზადებული გამოძიებების დროსაც. შეგახსენებთ, რომ საბოლოოდ მათ ბრალი წარედგინათ და სამივე მათგანი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები