რომელ სამინისტროზე არ გავრცელდება მდინარაძის უწყების უფლებამოსილებები

27.04.26 16:19
რომელ სამინისტროზე არ გავრცელდება მდინარაძის უწყების უფლებამოსილებები

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები თავდაცვის უწყებაზე არ გავრცელდება.

შესაბამისი განმარტება მთავრობის საპარლამენტო მდივნმა ვახტანგ ბაჩიაშვილმაიურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. 

ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება, სადაც “მისი რუტინული თუ სტრატეგიული უფლებამოსილებები გაიწერება.“

“თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ ეს მსჯელობის საგანი იყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მაინც პოლიტიკური თანამდებობაა, ამან გარკვეული თვალსაზრისით თუნდაც შეკითხვები რომ არ გამოიწვიოს, ამ ეტაპზე სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებებში თავდაცვის სტრუქტურის კოორდინაცია არ იგეგმება“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება.

პროექტის მიხედვით, ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები