მილიონები პრემიებში - ექსპერტები სისტემურ პრობლემებზე მიუთითებენ

27.04.26 17:28
მილიონები პრემიებში - ექსპერტები სისტემურ პრობლემებზე მიუთითებენ

გაზისა და ნავთობის კორპორაციაში შესაძლო მილიონების გაფლანგვა ექსპერტებს არ უკვირთ. ექსპერტების შეფასებით, გამოვლენილი ფაქტები მიუთითებს სისტემურ პრობლემებზე და სახელმწიფო კომპანიებში ფინანსური კონტროლის სერიოზულ ხარვეზებზე. მათი თქმით, მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს და, როგორც წესი, პოლიტიკურ გავლენებთან არის დაკავშირებული.

კორუფციის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ პრემიების გაცემის სქემები და შტატგარეშე დასაქმება ხშირად გამოიყენება როგორც დამატებითი ფინანსური რესურსების განაწილების მექანიზმი, რაც ბიუჯეტური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას და კორუფციის რისკებს ზრდის.

პარტაქტივის დასაქმების და უფრო მეტად ეს არის "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების პენსიაზე გასაშვები საუკეთესო საშუალება. ამაზე იყო მრავალი ჟურნალისტური გამოძიება არა მხოლოდ ამ შპს-ზე, სხვა სახელმწიფო შპს-შიც მსგავსი მდგომარეობაა, ამიტომ არაფერია გასაკვირი, რომ დიდი რაოდენობით თანხა იფლანგება ამ გზით. სამსახურეობრივ მანქანებს იყენებენ როგორც პერსონალურ მანქანებს, შესაბამისად, ამ მანქანების შეძენის, მათი სერვისი, გარეონტების, ასევე საწვავის ხარჯები, რაც, წესით, პირადი ხარჯია ადამიანის, ყელაფერი იფარება ხოლმე სახელმწიფოს ხარჯზე და ეს არის პირდაპირ, როგორც მინიმუმ, გაფლანგვა, რეალურად კი უფრო კორუფციული შინაარსის დანაშაული, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი. 

კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ თანხების მითვისებას ფორმა მნიშვნელობას არ აკლებს და საკითხი საბოლოოდ პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება. 

არ აქვს მნიშვნელობა ბიუჯეტიდან რა ფორმით და რა სქემით მოიპარავ - ტენდერით მოიპარავ ფულს თუ პრემიების გაცემით, არ აქვს მნიშნელობა. ფული, რომელიც არ გეკუთვნის და იღებ, ამას ჰქვია ფულის მოპარვა, ოღონდ ფურცელზე ამას როგორ გააფორმებ, ეს პრემია იყო, დანამატი იყო თუ ხელფასი იყო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. პარტიული აქტივი რომ ჰყავთ დასაქმებული და იმან 7 მლნ წაიღო, მათმა მხარდამჭერებმა, რომლებმაც 7 მლნ ვერ წაიღო, ეს ხალხი გაბრაზდა. ესეც, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური კონტექსტის, ანუ როდესაც პოლიტიკურად ჩაითვლება, რომ საქმეები უნდა გამოიძიოს - გამოიძიებენ, როდესაც ჩაითლება, რომ არ უნდა გამოიძიოს - საქმეებს არ გამოიძიებენ, - ამბობს ბესიკ დონაძე.  

გაზისა და ნავთობის კორპორაციაში დარიგებული მილიონობით ლარის პრემიების საქმე პროკურატურის შესწავლის საგანი გახდა - ამის შესახებ პარლამენტში განაცხადეს, სადაც ითქვა, რომ საუბარია დაახლოებით 7 მილიონ ლარზე.

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში (2022–2023) გამოვლინდა სერიოზული ხარვეზები ფინანსურ მართვასა და კონტროლში. მათ შორისაა დაუსაბუთებელი 7.18 მლნ ლარის პრემიები, თანამშრომლებზე არასაპატიო გაცდენების მიუხედავად გაცემული ანაზღაურება (139,723 ლარი), შტატგარეშე თანამშრომლების არაღრიცხული საქმიანობა და არათანაბარი ხელფასები ერთსა და იმავე პოზიციებზე.

 

მსგავსი სიახლეები