"საბოტაჟის აქტი" - სალომე სამადაშვილი ევროკავშირის ელჩის საგარეოში დაბარებაზე
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე ისაუბრა.
ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, მაკა ბოჭორიშვილის მიერ ევროკავშირის ელჩის დაბარება "საბოტაჟის აქტი" იყო.
რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის პროცესი, რაც აქ დაიწყო - საბოტაჟის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესის მორიგი საბოტაჟის აქტი ჰქვია იმას, რაც ჩვენ ვიხილეთ - ევროკავშირის ელჩის დაბარება და შესაბამისად განცხადებები შემდეგ ივანიშვილის წარმომადგენლის, რომელიც თავს ასაღებს ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად, მაგრამ სინამდვილეში ემსახურება ივანიშვილის ინტერესებს მხოლოდ და არა ჩვენი ქვეყნის.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის ევროკავშირში და ვფიქრობ, რომ უახლოეს კვირებში, უახლოეს თვეებში ჩვენ ვიხილავთ გარკვეულ ევოლუციას ევროპული პოლიტიკის ამ ქვეყანასთან და ჩვენ ხელისუფლებასთან, მმართველ გუნდთან მიმართებაში.
ევროკავშირი ჩამოყალიბდა იმაზე, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობა უნდა მიეცათ დღევანდელი მმართველი გუნდისთვის, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმის პირობებში შეექმნათ სივრცე იმისთვის, რომ ევროკავშირს დაეწყო რაღაცა ტიპის ნორმალიზაციაზე [საუბარი]... " - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ავლაბრის რეზიდენციაში "ქართული ოცნების" მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დღეს შეხვდა.
ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც გასულ კვირას, ბრიუსელში ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას.
- „საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც გაიხსნა დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“. [ელჩის კომენტარი "ნეტგაზეთმა" გაავრცელა].