რა ფუნქცია ექნება მამუკა მდინარაძეს - რას ამბობენ "ოცნებაში"
სახელმწიფო მინისტრის პოსტი თანამშრომლების გარეშე - დღეს პარლამენტში დაამტკიცებენ კანონპროექტს, რომლითაც მამუკა მდინარაძისთვის ახალი თანამდებობა იქმნება. მან სამართალდამცავ და ძალოვან უწყებებს უნდა გაუწიოს კოორდინაცია, თუმცა სუს-ის ყოფილ უფროსს არც თანამშრომლები ეყოლება და არც საკუთარი ბიუჯეტი ექნება.
დღეს "პირველებმა" პარლმანეტში "ოცნების" წევრებს ჰკითხა - აღნიშნული პოსტი მამუკა მდინარაძისთვის იქმნება, თუ მართლაც არის საჭიროება კოორდინაციის სამართალდამცავ უწყებებს შორის? და თუ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება მდინარაძეს, მაშინ რატომ არ ეყოლება მას არცერთი საკუთარი თანამშრომელი?
ივანიშვილის პარტიაში ამბობენ, რომ რესურსების გამოყოფაზე უარი მდინარაძის ჩამოქვეითებას არ ნიშნავს - რაც შეეხება ბიუჯეტის და შტატების არქონას, "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ამით ხარჯებს ზოგვენ.
ჩვენი გუნდიდან ექნება მხარდაჭერა. ის ჩვენი გუნდისთვის არ არის უცხო ადამიანი. ყველამ ვიცით, რომ მამუკა მდინარაძეს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილება, რომელიც ყოველთვის წაადგება ჩვენს გუნდს და ამ შემთხვევაში, წაადგება იმ სამსახურს, რა სამსახურშიც ის ინიშნება. მას მოემსახურება პრემიერის ადმინისტრაციის აპარატი. დიახ, დამატებითი ხარჯები არ იქნება მასზე გაწერილი და ყველაფერი იქნება ისე, როგროც საქმეს დასჭირდება. საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც ითქვა, ის იქნება კოორდინატორი იმ უწყებების, რომლებსაც ჰქვია ადმინისტრაციული ორგანოები და წარუძღვება ამ საქმის კოორდინაციას და მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს", - აცხადებს რიმა ბერაძე.
ლადო ბოჟაძის თქმით, მამუკა მდინარაძეს ძალოვანი სტრუქტურების გარდა - აქ იგულისხმება შსს, სუს-ი, მათ შორის სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახური და ასევე სხვა კონსტიტუციური ორგანოები, მდინარაძე კოორდინატორობას გაუწევს სასამართლო ხელისუფლებას, პროკურატურას და აუდიტის სამსახურსაც.
იქნება პრემიერის ადმინისტრაცია, რომელიც ისევე როგორც პრემიერს, ასევე ვიცე-პრემიერს მოემსახურება, როგორც აპარატი. ანუ ცალკე აპარატი არ იქმნება, არ იქმნება ცალკე შტატები, არ იქნება ახლი ხარჯები ბიუჯეტისთვის. მეორეს მხრივ, როგორც პრემიერს აქვს კანცელარია, მთავრობის ადმინისტრაცია, რომელსაც ჰყავს თავისი ხელმძღვანელი და ემსახურება პრემიერი-მინისტრის უფლებამოსილების განხორციელებას, იგივე იქნება მასთან მიმართებაშიც. ძალოვანი სტრუქტურებიდ გარდა , აქ იგულისხმება შსს, სუს-ი, მათ შორის სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახური და ასევე სხვა კონსტიტუციური ორგანოები, რომლებთანაც იქნება უბრალოდ კოორდინაცია. ამ შემთხვევაში აქ ასევე იგულისხმება სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა, აუდიტის სამსახური. აწინაურებენ თუ არ აწინაურებენ - აწიანაურებენ". - ამბობს ლადო ბოჟაძე.
თენგჰიზ შარმანაშვილი კი დღეს ტელეკამერების წინ არწმუნებდა საზოგადოებას, რომ მდინარაძისთვის ახალი თანამდებობა საჭროა, რადგან უმარავი გამოწვევებია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე "გარედან".
საჭიროა, იმიტომ, რომ გამოწვევები არის ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი გამოწვევებია უსაფრთხოების თავლსაზრისითაც. ძალიან დიდი გამოწვევებია საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისითაც, სადაც უხეში ჩარევები ხდება უცხოეთის მხრიდან. ასევე დიდი გამოწვევებია სხვადასხვა მიმართულებით. მას აპარატიც ეყოლება, ბიუჯეტიც ექნება და თანამშრომლებიც სახეზე არიან. ეს არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. რას ნიშნავს საკუთარი - მთავრობსი ადმინისტრაციაა, რომელიც გაუწევს მომსახურებას ამ თანამდებობის პირს, რაც არის საჭირო". - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.