კომპრომისზე წავედით - "ხალხის ძალა" მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნას მხარს დაუჭერს
"ხალხის ძალა" ამბობს, რომ უმრავლესობის ლიდერთან კონსულტაციების შემდეგ "კომპრომისზე წავიდა" და მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნას მხარს დაუჭერს.
დღეს ეს განცხადება კონსულტაციებიდან გამოსულმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან გააკეთა.
რა კომპრომისზე წავიდა "ოცნებასთან" ? - ამ კითხვაზე ხუნდაძემ არ უპასუხა და თქვა, რომ შეხვედრის დეტალების არ გაასაჯაროებს.
უმრავლესობის ლიდერთან მქონდა კონსულტაცია გუშინ. გარკვეული საკითხები კიდევ დარჩა ღიად, ამიტომ საჭირო გახდა დღეს დილით კიდევ ერთი შეხვედრა და კომუნიკაცია. კითხვებზე იქნა პასუხები. პასუხებს დაემატა ჩვენი მხრიდან კომპრომისი და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას, ანუ ხალხის ძალა იქნება მხარდამჭერი ამ გადაწყვეტილებას. კითხვების გარეთ გამოტანა არ იქნება მიზანშეწონილი ჩვენი მხრიდან, თუმცა გეტყვით, რომ კითხვები ეხებოდა ამ გადაწყვეტილების საჭიროებას და ფუნქციურ ასპექტებს. ჩვენი კითხვები არ ეხებოდა პიროვნებებს, ეს ეხებოდა ამ გადაწყვეტილების საჭიროებას სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით და ფუნქციურ ასპექტებს. ასე რომ ეს კითხვები იყო პიროვნების მიღმა, უფრო მეტად ეხებოდა სტრუქტურას და საჭიროებას იმის, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული" - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
"ხალხის ძალაში" გუშინ თქვეს, რომ შიდა კონსულტაციებს მართავენ, დაუჭირონ თუ არა მხარი მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნას.
კანონპროექტს, რომლითაც მამუკა მდინარაძისთვის ახალი თანამდებობა იქმნება, დღეს პარლამენტში დაამტკიცებენ.