სომხეთის პრემიერის პრესსპიკერი უარყოფს სომხური სოფლის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციას

28.04.26 12:52
სომხეთის პრემიერის პრესსპიკერი უარყოფს სომხური სოფლის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციას

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ნაზელი ბაღდასარიანი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოფიციალური ერევანი გეგმავს საზღვრისპირა სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის გადაცემას.

მისი განცხადებით, აღნიშნული ცნობები რეალობას არ შეესაბამება და წარმოადგენს დეზინფორმაციას.

„ნებისმიერი ინფორმაცია, რომ სომხეთი გეგმავს რაიმე ტერიტორიის გადაცემას, არ შეესაბამება რეალობას… ასეთი პუბლიკაციები არის გაყალბებული. ურვრყოფდით, უარვყოფთ და მომავალშიც უარვყოფთ ასეთ ინფორმაციას,“ — აღნიშნა ნაზელი ბაღდასარიანმა.

ბაღდასარიანის თქმით, სომხეთსა და მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მხოლოდ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესზე ზოგადი მსჯელობა და კონკრეტული ტერიტორიული ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას.

ინფორმაცია სოფელ ჯილიზას შესაძლო გადაცემის შესახებ თავდაპირველად სომხურ მედიაში გავრცელდა, სადაც აღნიშნული საკითხი სავარაუდო საზღვრის შეთანხმების კონტექსტში განიხილებოდა. თუმცა ოფიციალურმა ერევანმა ეს ვერსია მალევე უარყო.

ჯილიზა სომხეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელია, რომლის საკითხიც პერიოდულად ჩნდება საზღვრის დემარკაციის თემაზე დისკუსიებისას. ამ ეტაპზე, ოფიციალური განცხადებით, ტერიტორიული გადანაწილების საკითხი არ განიხილება.

მსგავსი სიახლეები