ერთი და იგივე მილიონჯერ რომ გაიმეორონ, ტელეფონი ვერ გახდება მანქანა - ოცნება EU-ს საელჩოს პასუხობს
„ზოგიერთი ელჩი რაღაც პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს და მათ შორის, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმაც გადაწყვიტა, ამ მოდას აჰყვეს,“ — ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისი მტკიცებით, პაველ ჰერჩინსკის ბოლოდროინდელი განცხადებები ნეიტრალიტეტს სცდება და პოლიტიკურ კონტექსტში აღიქმება, რაც, მისი თქმით, მიუღებელია.
„მოვერიდები ამ თემასთან დაკავშირებით წიაღსვლებს, სიტუაცია ძალიან მარტივია. ის არის ელჩი და აქვს ვალდებულებები, რომ პატივი სცეს ადგილსამყოფელ ქვეყანას, გაითვალისწინოს მთელი კონტექსტი და ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს. ამის ნაცვლად დღენიადაგ ჩვენ ხან წინასაარჩევნოდ, ხან არჩევნების შემდგომ, ვხედავთ ასეთ გამონათებებს. ზოგიერთი ელჩი რაღაც პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს და მათ შორის, სამწუხაროდ, როგორც ჩანს ევროკავშირის ელჩმაც გადაწყვიტა ამ მოდას აჰყვეს.
ბევრი გვინახავს, რომ თავიდან ძმობას ეფიცება ხოლმე საქართველოს მოსახლეობას და ასრულებენ ისე, როგორც ასრულებენ, ამ ტიპის - უცნაური, მუქარანარევი განცხადებებით, უბრალოდ წარმოუდგენელია. საქართველოს არცერთი ელჩი არ იკადრებს, რომ რომელიმე ქვეყნის ბნელ წარსულზე მითითებები გააკეთოს, მით უმეტეს მუქარებით ელაპარაკოს მოსახლეობას, ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ეს არ არის ელჩის მოვალეობა. ელჩმა უნდა დაიცვას, პატივი სცეს ადგილსამყოფელ ქვეყანას და გააკეთოს ის, რაც შეეფერება და რაც დაშვებულია ელჩისთვის.
ამიტომ ყველა ასეთმა ადამიანმა თავი უნდა დაანებოს რაღაც პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, პოლიტიკურ ეკლექტურობას და გააკეთოს ის, რაც არის მათი ვალდებულება, თავის დროზე რა პირობაც დადეს მაშინ, როდესაც მათ გადასცეს აგრემანები, გადასცეს თანხმობა, როდესაც ამ ქვეყანაში ინიშნებოდნენ, რომ ისინი პატივს სცემდნენ საქართველოს, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებს და იქნებოდნენ ნეიტრალური პიროვნებები და არა პოლიტიკური პროცესის პირდაპირ აქტიური მონაწილეები”, - განაცხადა მახაშვილმა.
ევროკავშირის ელჩის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომელიც მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, ლევან მახაშვილმა აღნიშნა, რომ დიპლომატიურ მისიას მართებს, გაითვალისწინოს ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი და შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია.
„ღობეზე საუბარი მათი ძლიერი მხარე არ არის. მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს და გაითვალისწინონ მთელი პოლიტიკური კონტექსტი, ნეიტრალური თვალსაზრისით. იქ მარტივი მიზეზით იყო მისული ეს ადამიანი, რომ ახსნა-განმარტება გადაეცა, თუ რა განცხადება გააკეთა და რატომ გააკეთა ეს განცხადება. ყველაფერი დანარჩენი უკვე კარგად დავიწყებული ძველი ამბებია.
ერთი და იგივე განცხადება და იგივე ბრალდებები მილიონჯერ რომ გაიმეორონ, ტელეფონი ვერ გახდება მანქანა. ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. აქ მთავარი კითხვა, ძალიან მარტივი იყო ხომ? ახსნა-განმარტება იმისა, თუ რა განცხადება გააკეთა. ამიტომ იქიდან რაღაც დამატებითი ბრალდებების სროლა ჩვენთვის არ არის საინტერესო.
მოსახლეობას აუხსნას თავად რა საჭიროება მოიტანა იმ რაღაც მუქარანარევმა განცხადებებმა რაც გააკეთა. ოღონდ მე არ მინდა იმ რაღაც პოლიტიკურ ცირკში შესვლა. მას ერთადერთი მარტივი რაღაც მოეთხოვება, როგორც დიპლომატმა პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და არ იყოს პოლიტიკური პროცესის აქტიური მონაწილე. მეტი არანაირი ვალდებულება მისგან აქ არ არის მოთხოვნილი მის მიმართ”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მახაშვილის მტკიცებით, მიმდინარე ურთიერთობებში ცვლილებების საჭიროება ქართულ მხარეს არ ეხება და ინიციატივა, საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორი მხარისგან უნდა მოდიოდეს.
„საზოგადოება ხედავს, თუნდაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგის, თანამშრომლობის საჭიროებაზე და ამის სანაცვლოდ ჩვენ ვიღებთ მუქარანარევ განცხადებებს. საზოგადოებამ ნახოს რეალურად ვის რა ინტერესი აქვს, ვის აქვს დიალოგის ინტერესი და ვის აქვს ბნელ წარსულში დაბრუნების ინტერესი”, - განაცხადა მახაშვილმა.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ავლაბრის რეზიდენციაში "ქართული ოცნების" მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს ორი დღის წინ შეხვდა.
ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც გასულ კვირას, ბრიუსელში ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას.
- „საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც გაიხსნა დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“. [ელჩის კომენტარი "ნეტგაზეთმა" გაავრცელა].
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე კითხვებს აჩენს და ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოებას აფერხებს. ევროკავშირის შეფასებით, წევრობა მოითხოვს კონკრეტულ რეფორმებსა და ღირებულებებთან შესაბამისობას, ხოლო ანტიევროპული რიტორიკა ამ პროცესისადმი ნდობას ამცირებს.