ინფლაციური პროცესები შენელებულია - კობახიძე ამტკიცებს, რომ ცხოვრება არ გაძვირებულა

28.04.26 18:34
ინფლაციური პროცესები შენელებულია - კობახიძე ამტკიცებს, რომ ცხოვრება არ გაძვირებულა

როდის დაიკლებს ფასები? - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ცხოვრება არ გაძვირებულა და ფასები სტაბილურია.  

წამოდით და გაყიდინებთ - ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტებს და პროდუქტების შეძენის იაფ შესაძლებლობას ხაზი გაუსვა. 

“ოცნება“ ხალხს  გაიაფებული ცხოვრების ნაცვლად, რეკომენდაციების მომზადებას ჰპირდება.

გაძვირება ტყუილია, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში მომავალ კვირაში გვექნება და ამის შემდეგ, საბოლოო გეგმით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, სად არის შემცირებული ფასები, კობახიძემ შემდეგი პასუხი გასცა:

„ვაკვირდები ხოლმე, ვებ-გვერდზე დევს ფასები და რა ფასებიც იყო ერთი თვის წინ, იგივე ფასებია შენარჩუნებული, განსაკუთრებით, ძირითად პროდუქტებზე... კომპიუტერში ასახულია რეალური ფასები, რაც მაღაზიაში გვხვდება. რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი რა ღირდა და რა ღირს?“ - განაცხადა კობახიძემ, რაზეც მას ჟურნალისტმა უპასუხა, რომ კვერცხის ფასი 85 თეთრია.

„რა 85 თეთრი? წაგიყვანთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი?“ - უპასუხა კობახიძემ, რაზეც მას ჟურნალისტი კვლავ ჩაეკითხა, თუ იცოდა, ხორცი რა ღირდა.

„რა ღირს? მე გაყიდინებთ კონკრეტულ ფასში, რამდენშია თქვენ მითხარით და მე შეგისწორებთ. მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ღორის რბილ ხორცს ნახევარ კილოგრამს 10 ლარში გაყიდინებთ“, - განაცხადა კობახიძემ, რაზეც მას ჟურნალისტი კვლავ ჩაეკითხა, თუ სად ყიდულობს ის ამ პროდუქტებს.

„ნახევარ კილოგრამს გაყიდინებთ 10 ლარში - საქონლის რბილი ხორცი და ღორის რბილი ხორცი. 10 ლარად გაყიდინებთ, თქვენ თქვით 40. წაგიყვანთ მაღაზიაში, როგორც კი დასრულდება ჩაწერა, გაჩვენებთ ფასებს, მათ შორის, ვებ-გვერდზე“, - განაცხადა კობახიძემ.

არავინ იცის რა ეწერება დასკვნაში, რომელსაც ფასების კომისია დაწერს. “ოცნება“ კი ყველას ურჩევს, რომ დასკვნას “დაელოდნენ და ნახავენ.“

მსგავსი სიახლეები