კობახიძის სურვილია, საპარლამენტო არჩევნები 4 პარტიის გარეშე ჩატარდეს
"ჩვენი სურვილია, რომ ამ 4 რადიკალური, არაკონსტიტუციური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები"- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან ოპოზიციის ნაწილი, ვინც აქტიურად ჩანს, ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანებას შეადარა.
"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მართალია, "ასაკრძალმა" პოლიტიკურმა პარტიებმა ბოლო არჩევნებზე ხმების 30% აიღეს, თუმცა კობახიძის "2024 წელს განცხადებით, "ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში".
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „რეალურად, თუ აიკრძალება რადიკალური პოლიტიკური პარტიები, გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებისთვის“.
მისივე თქმით, 2028 წელს უნდა მიიღოს მონაწილეობა ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა, თუმცა ვის გულისხმობდა "ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებში", ამაზე კობახიძემ არ ისაუბრა.
თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანება. ეს მათ დაამტკიცეს 9 წლის განმავლობაში, როდესაც ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ძირითადი უფლებები, ადამიანის ღირსება, ადამიანებს აწამებდნენ, ბიზნესის რეკეტი იყო მათი ხელწერა, ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანება, და ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანებისთვის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ადგილი.
აქ საუბარია 3+1 პოლიტიკურ პარტიაზე, ჯამში მათ აიღეს დაახლოებით 30% ხმების, რაც ცოტა არ არის - ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში 2024 წელს.
კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, არის სხვა ქვეყნის მაგალითი ისტორიული გამოცდილებიდან, სადაც ამაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავდა კონკრეტულ ანტიკონსტიტუციურ პარტიას. ანუ ეს არ არის თავისთავად არგუმენტი. თუ პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, ის უნდა აიკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, შესაბამისი სარჩელით ჩვენ მივმართეთ სასამართლოს.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელს მე-4 პარტიასაც - “ფედერალისტებს” ამატებს.
შალვა პაპუაშვილის მიერ 20 აპრილს გაკეთებული განცხადების თანახმად, პარტია საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველ სარჩელს გამოითხოვს და შეიტანს ახალს, დაკორექტირებულ ვარიანტს, რომლითაც უკვე 4 პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას მოითხოვს:
- „ლელო“
- ენმ
- „კოალიცია ცვლილებებისთვის“
- „ფედერალისტები“
"ოცნებაში" ამბობენ, რომ სარჩელში „ფედერალისტების“ დამატების საფუძველი არის ის, რომ ეს პარტია შეუერთდა ოპოზიციის ალიანსს და გაიზიარა მათი საერთო მიზნები „დემოკრატიის წინააღმდეგ“.