ზურაბიშვილის განცხადებას "ქართულ ქარტიაში" ცვლილებებზე ოპოზიციაში პასუხობენ

04.05.26 18:59
ზურაბიშვილის განცხადებას "ქართულ ქარტიაში" ცვლილებებზე ოპოზიციაში პასუხობენ

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერებს ორ ცვლილება შესთავაზა

სალომე ზურაბიშვილის წინადადება ასეთია:

  1. „ქართულ ქარტიაში“ უნდა ჩაეწეროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკამენტების ბიუჯეტიდან დაფინანსება
  2. შეიქმნას სახელმწიფო სპეციალური ფონდი, სადაც ჩაირიცხება „კორუფციით, მანკიერი ტენდერებით და სხვა ფორმით ბიუჯეტიდან მოპარული თანხები"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ფონდის გახსნა ძალიან კარგი იდეაა, თუმცა ჯერ "ქართული ოცნება" უნდა დაამარცხონ - "შემდეგ ძალიან ბევრი, საინტერესო, ამ ტიპის იდეების დაძვრა და მუშაობა შეიძლება". 

ის მისწრაფებები, რაც იქ წერია, მთლიანად ტექსტი არის ძალიან კარგი და ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ამას იზიარებდა, ამიტომაც მოვაწერეთ ხელი. რაც შეეხება ფონდის გახსნას, რა თქმა უნდა ძალიან კარგი იდეაა, ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ "ქართული ოცნება" დავამარცხოთ და შემდეგ ძალიან ბევრი, საინტერესო, ამ ტიპის იდეების დაძვრა და მუშაობა შეიძლება," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, ანი ქავთარაძის თქმით, მათ არაერთხელ გაუჟღერებიათ მსგავსი ხედვა იშვიათი დაავადებების მართვასთან დაკავშირებით. 

პარტია "ახალს" და კოალიცია "ცვლილებისთვის" აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ხედვა იშვიათი დაავადებების მართვასთან დაკავშირებით, ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიჟღერებია, მათ შორის ალიანსის ფორმატშიც, რაც გულისხმობს საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, ასევე  ფონდის არსებობას, სწორედ იშვიათი დაავადებების სამართავად, სადაც თანხების მობილიზება მოხდება სხვადასხვა ხერხით, მათ შორის ბიზნესის წახალისებით, დამატებით ხერხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს კოალიციურმა მმართველობამ მომავალში," - ამბობს ანი ქავთარაძე.

განსხვავებული პოზიცია აქვს პარტია "გახარია საქართველოსთვის", გიორგი ჭანტურიას განცხადებით, მათ გუნდს არანაირი კავშირი არ აქვს და არც ექნება ადამიანებთან, რომლებმაც 4 ოქტომბერს ბოიკოტი გამოაცხადეს და მოქალაქეებს მშვიდობიანი დამხობისკენ მოუწოდებდნენ, მათ შორის არც სალომე ზურაბიშვილთან. 

ჩვენ გუნდს არანაირი კავშირი არ აქვს და არც მომავალში ექნება იმ ოპოზიციურ აქტორებთან, რომლებიც 4 ოქტომბერს ადამიანებს რაღაც გაურკვეველ სცენარში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, მშვიდობიანი დამხობისკენ მაგალითად, როცა არჩევნების დღე იყო ჩანიშნული, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი. დღეს, პასუხისმგებლობა ყველა ოპოზიციურმა აქტორმა უნდა იგრძნოს. ამიტომ, ამ ადამიანებთან რომლებმაც ეს ბოიკოტი, "ქართული ოცნების" ოფისში დაწერილი, თავისი ხელით შეასრულეს, ამ ადამიანებთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვექნება," - თქვა გიორგი ჭანტურიამ.

მსგავსი სიახლეები