პოლიტიკური ლიდერები, მოსამართლეები, პროპაგანდისტები - კიდევ ვინ არის სანქცირების კანდიდატი
ტელეკომპანია "იმედის", PosTV-სა და "რუსთავის 2-ის" დასანქცირების შესახებ ჩანაწერი ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშში მოხვდება. ევროდეპუტატები კენჭისყრამდე უკვე შეჯერდნენ კომპრომისული შესწორებების საბოლოო ვარიანტებზე, სადაც 20 შესწორებიდან ერთ-ერთი სწორედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისა" და "ოცნების" მიერ მართული არხების დასანქცირების მოთხოვნაა. ევროდეპუტატები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ მიიღონ პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე.
"ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ტრაექტორია სრული ავტორიტარიზმისკენ - ეს ევროპარლამენტის წლიური ანგარიშის ყველაზე საგულისხმო ჩანაწერია. ეს არის რიგით მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც აღწერს, რომ დემოკრატიული უკუსვლა წინა წელთან შედარებით გაძლიერდა. სრული ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების საპასუხოდ ევროკომისიას ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ მძლავრი სანქციების დაწესებას სთხოვს.
ევროდეპუტატები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს 9 დათქმის საფუძველზე მიენიჭა და ეს პირობები არ სრულდება. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაგრძელებულმა უმოქმედობამ კი შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის. თუ ევროკომისია ევროდეპუტატების მოთხოვნას გაითვალისწინებს, ბრიუსელი უვიზო რეჟიმის შესრულების კრიტერიუმებს გადახედავს და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფუძველი გახდება.