ზურაბიშვილის შეთავაზება ოპოზიციას - ვის ჩამოართმევენ მილიონებს?
ჩინოვნიკების მიერ მოპარული ფულის ხალხისთვის დაბრუნება - სალომე ზურაბიშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და ოპოზიციას "ქართულ ქარტიაში" ცვლილებების შეტანას სთავაზობს. კონკრეტულად კი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხალხისთვის მოპარული ფული, მაღალჩინოსნებს უნდა ჩამოერთვას და ამ ფულით შექმნას ფონდი, რომელიც მომავალ თაობას მოხმარდება.
ზურაბიშვილის ამ იდეის საწინააღმდეგო არაფერი აქვს ოპოზიციას. პარტიებში ფიქრობენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კვალიციურმა მთავრობამ ფული ხალხს უნდა მოახმაროს. როგორ უნდა ამოიღონ მაღალჩინოსნების ანგარიშებიდან მოპარული ფული - ოპოზიცია ფიქრობს, ამ თემაზე მაშინ უნდა იმსჯელონ, როდესაც ძალაუფლება მათ ხელში გადავა.
ზურაბიშვილის ქარტიაზე ხელმომწერი არ ყოფილა, გიორგი გახარიას პარტია და არც ახლა აპირებს რაიმე იდეას შეუერთდეს. ექს-პრემიერის პარტიაში ოპოზიციას და მათ შორის სალომე ზურაბიშვილს 4 ოქტომბრის მოვლენების განვითარებაში ადანაშაულებენ და მათთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.
"ქართულ ოცნებას" კი ზურაბიშვილის ინიციატივამ, რობინ ჰუდი და არსენა მარაბდელი გაახსენა. მდიდარი ადამიანისთვის უკანონოდ მოპოვებული ფულის წართმევა და ღარიბებისთვის დაბრუნება ივანიშვილის პარტიისთვის არც ისე კარგი მოსასმენია. თავს კი იმით იმართლებენ, რომ, ვინც ფული ხალხს მოპარა, ეს ფული ისედაც ბიუჯეტს დაუბრუნდა.