მე ნეგატიურ კონტექსტში ზელენსკი არასოდეს მიხსენებია - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფით კონტექსტში არასდროს უხსენებია. განცხადება "ქართული ოცნების" ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა რაც სომხეთიდან დაბრუნდა.
- 4 მაისს, სომხეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.
კობახიძის სიტყვებით, მიუხედავად დაგროვილი გამოწვევებისა, ქართული მხარე მზად არის, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ურთიერთობების სრულფასოვნად აღდგენისკენ.
"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის განცხადებით, თბილისი მზად არის, გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა ეს ისტორიული კავშირი მთავრობათა შორის ურთიერთობებშიც აისახოს.
ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, რომელიც დღეს ურთულეს, ომის მდგომარეობაში იმყოფება. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობებია. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს, ისე ხელისუფლებებს შორის. ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტმა "ქართული ოცნების" ლიდერს ის რიტორიკა და ბრალდებები შეახსენა, რომელსაც ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის ლიდერები უკრაინის ხელისუფლებას უყენებდნენ. საუბარია - "საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე" გაკეთებულო საჯარო განცხადებებზე, ასევე კიევის მხრიდან საქართველოს "შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე" არსებულ კომენტარებზე.
კითხვაზე, განიხილა თუ არა შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ ძებნილი ზურაბ ადეიშვილისა და გია ლორთქიფანიძის უკრაინაში თანამდებობებზე დანიშვნის საკითხი ზელენსკისთან, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საუბრის დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, კობახიძემ იქვე აღნიშნა, რომ "ძველი პრობლემები კვლავ დღის წესრიგში რჩება".
არსად წასულა არც ადეიშვილი, არც ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა და არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება. თუმცა, გუშინდელი შეხვედრა არსებითად კონცენტრირებული იყო მეგობრულ საუბარზე და ეს სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სიღრმეებში არ შევსულვართ, მათ შორის არც პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული,“ -თქვა კობახიძემ TV პირველის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
უკრაინასთან ურთიერთობაზე საუბრისას "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიმართ პერსონალური თავდასხმებისგან პირადად ის ყოველთვის თავს იკავებდა.
„ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში მე პირადად არასდროს მიხსენებია. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: ის არის იმ მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად პრეზიდენტ ზელენსკისთან დაკავშირებით. პრობლემები არსად წასულა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი მიზანია, ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე,“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.