საქართველო არ მიიწვიეს EU-ს მინისტერიალზე, სადაც გაფართოებას განიხილავენ
საქართველო არ არის მიწვეული 10-11 მაისს ნიქოზიაში დაგეგმილ ევროპულ საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრობის პოტენციური და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
„საქართველოს მთავრობის ქმედებათა კურსის გათვალისწინებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, საქართველოს გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა. აქედან გამომდინარე და წინა თავმჯდომარეობების პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო მიწვეული არაა“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსამსახურში.
ამასთან, დასძინეს, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის მოქმედებათა ამჟამინდელ კურსს.
„ევროკავშირის გაფართოება დღის წესრიგის საკვანძო ნაწილი იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები. ეს სესია შესაძლებლობას შექმნის გაფართოების შესახებ ღია და მომავალზე ორიენტირებული აზრთა გაზიარებისთვის, რაც ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას სანდო და ინკლუზიური ევროპული მომავლისადმი. პოლიტიკური დისკუსიების პარალელურად, პროგრამა ითვალისწინებს არაფორმალური ურთიერთობის შესაძლებლობებს კულტურულ გარემოში“, — ნათქვამია მინისტერიალის ანონსში.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა "ოცნების" პრემიერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროკავშირი მსგავს გადაწყვეტილებებს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებს. მისი თქმით, "ოცნება" ამის შესაძლებლობას მათ არ მისცემს.
აქედან გამოვედით, მათ შორის, 28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებდნენ. ამითაც დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა. უნდოდათ, სამ თვეში ერთხელ დავეშანტაჟებინეთ - ხან ეს არ მოგვცეს, ხან იქ არ მიგვიწვეს და ა.შ. ეს შანტაჟი დამთვარდა. ერთადერთი, შანტაჟისთვის იყო გათვლილი ეს ყველაფერი. არავის აინტერესებდა არცერთი ქვეყნის მირება ევროკავშირში, ეს იყო რეალობა. არაფერი საინტერესო არ არის არცს შეხვედრებზე მიწვევა, არც ამის გახსნა, არც იმის გახსნა თუ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება ეს ყველაფერი, არ გვაინტერესებს მათი შანტაჟი. როგორც კი გამოვა ამ საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი. ჩვენ ერთადერთი რაც გვეამაყება და გვიხარია, ეს არის ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა, დანარჩენი ყველაფერი არის სამუშაო პროცესი, - თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ.