"სამარცხვინო, ივანიშვილს ჩიხუახუასავით დაყვებოდა" - ხაბეიშვილი კობახიძის ვიზიტზე ერევანში
დაკავებული პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძის ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, კობახიძე ჯერ "ბიძინა ივანიშვილს დაჰყვებოდა ჩიხუახუასავით" [იგულისხმება, ნიკოლ ფაშინიანის საქართველოს ვიზიტის დროს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა], სომხეთში კი "აბსოლუტურად სამარცხვინო" იყო.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა მისი და მურთაზ ზოდელავას პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისაუბრა.
სამარცხვინო იყო, ჯერ ბიძინა ივანიშვილს ჩიხუახუასავით დაყვებოდა კობახიძე. სომხეთში ჩასული აბსოლუტურად მორალისგან [?], აბსოლუტურად სამარცხვინო...
კაცმა აღიარა 3 ათასი ნარკომოვაჭრე დავიჭირეთ სამ თვეშიო ხალხო. რა მესიჯი წაიღო ევროპაში... ტონა ჰეროინი ამოვიღეთო ამაყობდა და სად იყვნენ 12-13 წელი... ყველას ფონიჭალაში იჭერენ და რა ხდება იქ, რანაირად ვერ გავიგეთ ამდენი ხანი.
ვუყურებ, ფაშინიანი ლაპარაკობს ევროპულ ინტეგრაციაზე, დემოკრატიის გაჯანსაღებაზე, ეკონომიკაზე, ეს კაცი [კობახიძე] ამ სისულელეებზე ლაპარაკობდა," - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.
- ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
- ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
- მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.