ლევან ხაბეიშვილმა სასამართლოდან ოპოზიციას მიმართა

05.05.26 16:26
ლევან ხაბეიშვილმა სასამართლოდან ოპოზიციას მიმართა

 

 

ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესიდან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და ჰკითხა 26 მაისს აქცია არის თუ არა. 

"თუ აკეთებთ 26 მაისს რამეს, გეხვეწებით, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში" - თქვა მან. 

არ ვაკრიტიკებ კაცო ამ ხალხს, ამ ადამიანების ნაწილად მიმაჩნია თავი და წინა სხდომაზეც ვთქვი, რომ ხალხს, რომლებსაც ციხეში უშვებენ, 6 წლამდე ემუქრებიან, შეუძლებელია უთხრა გამოდი და რამე გააკეთე...

მეც არ მომწონს ბევრი პოლიტიკოსი, მართლა არ მომწონს... ეს ქვეყანა არ არის პოლიტიკოსების, არ არის პოლიტიკური იდეების, ეს ქვეყანა არის თითოეული მოქალაქის...

ამ 26 მაისთან დაკავშირებით, გამაგებინეთ ეს 26-ის აქცია არის თუ არ არის. თუ აკეთებთ 26 მაისს რამეს, გეხვეწებით, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში... 26 მაისზე არანაირი კამპანია არ გაქვთ, სამწუხაროდ. არანაირი აქტიურობა არ არის... ყველაფერზე ოპოზიციისკენ  ნუ იშვერთ ხელს. ჩვენი გასაკეთებელიც არის ბევრი რამ.

მე იმედი მაქვს იმის, რომ ეს განაჩენი, გამამტყუნებელი, ფურცელზე ვერ დაიწერება," - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

  • ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
  • ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

  • მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები