ფასები რეკორდულად იზრდება - რას ამტკიცებენ "ოცნებაში" და რა გამოსავალზე საუბრობენ ექსპერტები

05.05.26 20:52
ფასები რეკორდულად იზრდება - რას ამტკიცებენ "ოცნებაში" და რა გამოსავალზე საუბრობენ ექსპერტები

ფასებთან ბრძოლის დაპირებიდან 5 თვის შემდეგ „ქართული ოცნება“ ინფლაციის ზრდის წინაშე აღმოჩნდა. სტატისტიკური მონაცემების ფონზე "ოცნების" ხელისუფლება პრობლემას ვეღარ უარყოფს, ამიტომ ირაკლი კობახიძე დღეს განმარტებებს აკეთებდა და ამტკიცებდა, რომ მთავრობა ყველა შესაძლო ნაბიჯს დგამს.

გაირკვა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს ეროვნულ ბანკთან — უწყებასთან, რომელიც მონეტარულ პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი და რომელსაც ნათია თურნავა ხელმძღვანელობს.

ახალი თვე მოსახლეობისთვის, სავარაუდოდ, კიდევ უფრო რთული იქნება. სანამ "ოცნება" „გარე შოკებზე“ საუბრობს, ფასების ზრდა ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე აისახება. ივანიშვილის გუნდი ინფლაციას ძირითადად საერთაშორისო ფაქტორებით ხსნის, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიზეზები მხოლოდ გარე პროცესებით არ შემოიფარგლება.

ოპოზიცია ეროვნულ ბანკს ჭარბი ფულის მასის ზრდაში ადანაშაულებს და ამას ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს.

აპრილში ფასების ზრდის ტემპი თითქმის ორჯერ აღემატებოდა იმ მაჩვენებელს, რაც ეროვნულ ბანკს ჰქონდა პროგნოზირებული.

ბოლო ერთ კვირაშიც გაძვირდა საწვავი — ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში დიზელის ფასი დაახლოებით 30 თეთრით გაიზარდა აპრილის ბოლოსთან შედარებით.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საწვავის გაძვირება ჯაჭვურად აისახება სხვა პროდუქტებისა და მომსახურების ფასებზეც.

ფინანსისტები "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადოს განმარტებები და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ინფლაციის შესაკავებლად.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები