ღარიბაშვილის საქმე ევროპარლამენტის ანგარიშში — შეფასებები ოპოზიციაში
ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ჩანაწერი მოხვდა, ოპოზიციას არ უკვირს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის შეფასება პირდაპირ ასახავს იმ პრობლემებს, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორები უკვე წლებია საუბრობენ. "ოცნების" ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემისადმი უნდობლობა იმდენად მაღალია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის რისკებზე კითხვები უკვე ბრიუსელშიც ღიად ისმის.
ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი პროკურატურა, არ არის დამოუკიდებელი გამოძიება, არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, იქ, ცხადია, მათ შორის ჩვენი მეგობრების განწყობა არის, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეიძლება, გახდეს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ობიექტი და ეს არის მათი ობიექტური შეფასება რეალობის, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში სამართალდ ვერ მოიპოვებს ადამიანი, იმიტომ, რომ პოლიტიკური მოტივაციით ის შეიძლება გახდეს, უბრალოდ, რეჟიმის მსხვერპლი და ის, რომ საუბარია ივანიშვილის ყოფილ თანაშემწეზე და შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ალბათ, არის ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამაღიზიანებელი ამ რეჟიმისთვის, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქმე მხოლოდ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობას არ ეხება და ევროკავშირის მთავარი აქცენტი სწორედ პოლიტიკური მოტივაციის ნიშნებზე კეთდება.
ის, რომ ღარიბაშვილი "ქართულმა ოცნებამ" ციხეში გაუშვა, მიუხედავად მისი აღიარებისა, მიუხედავად მისი დანაშაულებისა, მაინც იკვეთება აქ პოლიტიკური განზრახვა "ქართული ოცნების" და შესაბამისად, ევროკავშირი და ევროკავშირის პრინციპები და ამიტომ გვინდა ჩვენც ევროკავშირის წევრობა, რომ აქ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის დამნშავეც დაცული იყოს კანონის უზენაესობით. ცალსახად ჩანს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული იყო და არა სამართლიანობით აღდგენისთვის განხორციელებული აქტი, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ექს-პრემიერის სასამართლო განხილვების კანონირებას ბრიუსელში ეჭვქვეშ აყენებენ.
შესწორება დოკუმენტში რამდენიმე ევროპარლამენტარმა - მირიამ ლექსმანმა, რაფაელ ლუქსმანმა, მალგოჟეტა გოშიევსკამ, ურმას პაეტმა და ტინ კინენმა შეიტანეს. სწორედ მათ მოთხოვნით მოხვდა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ივანიშვილის გუნდის ყოფილი მაღალჩინოსნის სახელი და გვარი.
ანგრიშში ხაზგასმით წერია, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებების და ბრალის აღირების მიუხედავად, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.