ყველაზე დიდი მტერი ვინც ჰყოლია საქართველოს, ეს იყვნენ მავნებელი ქართველები - მარიამ ლაშხი უძილაურის დაკავებაზე
ყველაზე დიდი მტერი ვინც ჰყოლია საქართველოს, ეს იყვნენ მავნებელი ქართველები - ასე ეხმაურება "ოცნების" დეპუტატი, მარიამ ლაშხი „ქართული ოცნების" პიარ ჯგუფის ექს-ხელმძვანელის და ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნის, გიორგი უძილაურის დაკავებას.
კითხვაზე, რა წვდომა შეიძლება ჰქონოდა აგენტობის ბრალდებით დაკავებულ უძილაურს სახელმწიფო საიდუმლოებებთან ან ეხმარებოდა თუ არა მას ვინმე - მარიამ ლაშხი ამბობს, რომ არ იცის - "მე როგორ გითხრათ აბა? მე რომ ვამოწმებდე, გეტყოდით".
"პირველებმა" ლაშხს ასევე ჰკითხა - შესაძლოა თუ არა, რომ გიორგი უძლაურის დაკავებას რაიმე კავშირი ჰქონდეს ლილუაშვილ-ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმეებთან, რაზე პასუხადაც ივანიშვილის გუნდის წევრმა, თქვა, რომ "არ არის ამ საკითხში კომპეტენტური".
ძალიან სამწუხაროა და სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიაშიც არსებობენ, ყველაზე დიდი მტერი ვინც ჰყოლია საქართველოს, ეს იყვნენ მავნებელი ქართველები და ძალიან სამწუხაროა, როდესაც, ალბათ შეგნებულად თუ შეუგნებლად ისინი ემსახურებიან სხვას ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი პრევენციული ხასიათი ექნება ამ ტიპის დაკავებას და კიდევ უფრო ძლიერად მოახერხებენ სახელმწიფო ინსტიტუტები ეროვნული ინტერესების დაცვას", - განაცხადა ლაშხმა.
გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე იყო და „ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას“.
მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "პირველებს" დაუდასტურა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი უძილაურია. [იკავებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას].