არ დავყრით ფარხმალს, საქმე საქართველოს ფარგლებს გასცდება - გიორგი ჯოხაძის ადვოკატი
ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ გიორგი ჯოხაძის ადვოკატი, ლიკა ბითაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს.
ადვოკატმა არ გამორიცხა, რომ საქმე საქართველოს ფარგლებს გასცდეს. რაც შეეხება უვადო თავისუფლების აღკვეთას, ჯოხაძის უფლებადამცველმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას "უსამართლო" უწოდა.
რომეო ტყეშელაშვილის მხრიდან დღევანდელი გადაწყვეტილება, იყო უკანონო. ამ გადაწყვეტილებას შემიძლია დავარქვა, ცალსახად - სასამართლო, სასამართლოსთვის. მოსამართლის განმარტება [ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება] არის შაბლონური. საინტერესოა, მის მიერ დადგენილ განაჩენში რას მიუთითებს და რას უწოდებს გონივრულ სტანდარტს. ეს სასამართლომ დაცვის მხარეზე უკეთ უნდა იცოდეს. აუცილებლად დაველოდები განაჩენს, ამით არაფერი დასრულებულა - ამ გადაწყვეტილებით, ყველაფერი თავიდან დაიწყო. დაცვის მხარე ფარხმალის დაყრას არ აპირებს. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ეს გადაწყვეტილება მოივლის აპელაციას, საკასაციოს და შემდეგ წავა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ყველაფრისის მზად ვიყავით - სადღაც გვქონდა იმის პროცენტულობა, რომ ობიექტური განაჩენი შესაძლებელი იყო დამდგარიყო, თუმცა ამავე დროს ყველაფრის მოლოდინი გვქონდა, რადგან საქმე თავიდანვე არ მიმდინარეობდა ობიექტურად" - თქვა ბითაძემ.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან, ორივე მათგანზე პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.
რაც შეეხება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის განაჩენს, მკვლელობის ორგანიზატორად დასახელებული ექს მთავარი პროკურორის საქმე სასამართლოში ჯერ არსებითი განხილვის ეტაპამდე არ მისულა.
პასუხისგებაში არ არის მიცემული ირაკლი უსოიანი, „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი. ეს უკანასკნელი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზატორად პროკურორამ დაასახელა.