ჩორჩანას საქმე გახარიას წინააღმდეგ - რა თქვეს სასამართლოზე მიყვანილმა მოწმეებმა?

06.05.26 17:12
ჩორჩანას საქმე გახარიას წინააღმდეგ - რა თქვეს სასამართლოზე მიყვანილმა მოწმეებმა?

ჩორჩანას საქმე გიორგი გახარიას წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროკურატურის ორი მოწმე, არჩილ ლომიძე და ელგუჯა ხარაზიშვილი დაიკითხა. ხარაზიშვილის თქმით, ცხოვრობს ხაშურის რაიონის სოფელ წაღვში, მისი სოფელი კი სოფელ ჩორჩანიდან დაახლოებით 4 კმ-ით არის დაშორებული. მისივე განმარტებით, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აგების შესახებ მის სოფელში საუბრის შედეგად გაიგო.

გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ მოწმეს ჰკითხა, მისი აზრით, უნდა იდგეს თუ არა სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო? - "აბა, მე რა ვიცი, უნდა იდგეს თუ არა" - იყო ხარაზიშვილის პასუხი. 

გარდა ამისა ელგუჯა ხარაზიშვილმა განაცხადა, რომ ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ტყეში ჯონჯოლის საკრეფად მიდიოდნენ, ქართული პოლიციის საგუშაგოს ჩადგმამდეც იტაცებდნენ.

ჯონჯოლის საკრეფად წასული საქართველოს მოქალაქეები ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმამდე, 4-5 წლით ადრე, ჩორჩანას მხარეს, დაიჭირეს რუსებმა. აღარ მახსოვს, საგუშაგომდე მოხდა ეს, თუ მის შემდეგ. 

ვცხოვრობ სოფელ წაღვში. ჩემი სოფლიდან სოფელი ჩორჩანა 4კმ-ით არის დაშორებული. ვიცი, რომ 2019 წელს გაკეთდა [ქართული პოლიციის] საგუშაგო, შემდეგ კი რამდენიმე დღეში ოკუპანტებმა ააგეს საგუშაგო. შემოვიდნენ 1კმ ან 1,5კმ-ით სიღრმეში. ამოვიდნენ ტექნიკით, ტყე გაჭრეს და ააგეს საგუშაგო მაღალ ადგილზე. ამ ტყით კი ძირითადად ვსარგებლობდით სოფლის მოსახლეობა. ეს ტყე იყო დაახლოებით 2,5 ან 3 ჰექტრამდე.ოკუპანტებმა სოფელ ჩორჩანაში თავიდან დროშები დაამაგრეს, მერე ტყის მასები გაჭრეს და ააგეს საგუშაგო. როცა საგუშაგო გააკეთეს ჩვენებმა, იმის შემდეგ დავკარგეთ ეს ტერიტორია. აბა, მე რა ვიცი, უნდა იდგეს თუ არა [ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანაში].", - განაცხადა ელგუჯა ხარაზიშვილმა.

რაც შეეხება მეორე მოწმის, არჩილ ლომიძის ჩვენებას, ადვოკატის კითხვაზე, თუ რამ გამოუწვია სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა, მან ასე უპასუხა: „მე, არ ვიცი, რამ გამოუწვია საგუშაგოს აგება.... ოკუპირებული რომ არის ჩვენი ტერიტორია, ვისი ბრალი იქნება? რუსების ბრალია!“

როგორც სასამართლოს დასრულების შემდეგ, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა,  მოწმეებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკით უწევთ ჩვენებების მიცემა.

დღეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ აძლევენ ჩვენებას, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ისტორიული პროცესი, სადაც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იძლევიან ადამიანები ჩვენებებს. აქ საგულისხმო ის არის, რომ ამ ჩვენებებს ადამიანები იძლევიან საყოველთაოდ აღიარებული ფაქტების საწინააღმდეგოდ, რაც ამ ქვეყანაში არსებობს. მოწმეები საუბრობდნენ, თითქოს ბოლო 15 წლის განმავლობაში „ბორდერიზაციის“ შესახებ არ გაუგიათ, მოქალაქეების გატაცების ფაქტების შესახებ არ გაუგიათ და რომ მშვიდობიანი ეპოქა ჰქონდათ თურმე ამ ადამიანებს.

ჩორჩანას არცერთი მცხოვრები არ მოუყვანიათ და არ უკითხავთ, ეს ადამიანები უსაფრთხოების როგორი რისკების ქვეშ ცხოვრობდნენ და რისთვის აიგო საგუშაგო. [მოწმეები] დღეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ აძლევენ ჩვენებას, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ამ მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ და ყველაზე მოწყვლადი ფენაა, რომლებიც პირდაპირ რუსული საოკუპაციო რეჟიმის საფრთხის ქვეშ დგანან, დღეს უკვე ქართული რეჟიმის საფრთხის ქვეშ არიან ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ამ ადამიანებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკით უწევთ ჩვენებების მიცემა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არ არის რიგითი პოლიტიკოსის საქმე, პოლიტიკოსის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური საქმე, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული საქმე და ის ცრუ ნარატივები, რასაც ეს მოწმეები დღეს აქ აჟღერებდნენ, თითქოს არ სმენიათ ადამიანების გატაცების შესახებ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, თითქოს არ სმენიათ „ბორდერიზაციის“ ფაქტების შესახებ, რა თქმა უნდა, არის რუსულ ინტერესებში და სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს იყენებენ მთელი ამ პროცესისთვის. ბოლო წლის განმავლობაში და ამას ადასტურებს სუს-ის ანგარიში, რომელსაც მდინარაძემ მოაწერა ხელი და წარადგინა პარლამენტში, მხოლოდ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, „ბორდერიზაციის“ 55 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ფაქტებს უარყოფენ და ფაქტობრივად, სირაქლემას პოზიციაში, ქვიშაში თავჩარგულები ცდილობენ გაექცნენ მოცემულობას, რაც ქვეყანაში არსებობს, რომ ჩვენ ვართ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ ფაქტობრივად, ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყანაში. ამ მოცემულობის შეცვლას ცდილობენ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

  • გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც - 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები