ვინ რა ფორმით ერევა არჩევნებში და ვინ ვის ლობირებს - რა ხდება საპატრიარქოში?
მეუფე შიო მეუფე ზენონის ხმაურიან განცხადებებს დუმილით ხვდება. "ბიზნესმენების მცდელობა, გადაიბირონ ეპისკოპოსი და გარე ძალების ინტერესები, რომ პატრიარქი მათთვის სასურველი ეპისკოპოსი გახდეს" - ამ ამბებზე "ტვ პირველის" ეთერიდან, წმინდა სინოდის წევრმა გუშინ ილაპარაკა.
აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა ღიად თქვა, რომ ე.წ. ციანიდის სკანდალის შემდეგ, "ოცნების" მთავრობა ეპისკოპოსებს ერთმანეთის მიყოლებით იბარებდა და მეუფე შიოს პატრიარქად დანიშვნას ითხოვდა.
დიდი საეკლესიო კრების წინ, სადაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ, სულ უფრო მეტი განცხადება ისმის ეკლესიის საქმეებში ჩარევაზე. მეუფე ზენონის შემდეგ დღეს ამ თემაზე პირდაპირ ილაპარაკა, მეუფე იობმა. პატრიარქობის კანდიდატი უფრო მეტის თქმას საეკლესიო კრებაზე აპირებს.
ეს მეუფე იობის პირველი სატელევიზიო ინტერვიუა დიპლომის სკანდალის შემდეგ. რუის ურბნისის ეპარქიის წინამძღვარმა დაადასტურა, რომ მას დიპლომი ეპარქიიდან მოპარეს. წაიღეს როგორც საბუნებისმეტყველო, ისე საერო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
კონკრეტული კანდიდატის ლობირებაზე ირიბად მიანიშნა პატრიარქობის კიდევ ერთმა კანდიდატმა - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი თვლის, რომ საზოგადოება თავად განსჯის, ვინ ვის ლობირებს და რა ფორმით.
ჩარევას ვერ გაბედავენ, ამბობს მეუფე იაკობი. ხმაურიანი განცხადებებით ცნობილმა ეპისკოპოსმა თქვა რომ პატრიარქის არჩევნების საორგანიზაციო საკითხებით არის დაკავებული და წირვას ძლივს ჩაასწრო.