საგარეო: მაკა ბოჭორიშვილი ანდრეი სიბიგას ტელეფონით ესაუბრა

06.05.26 20:42
საგარეო: მაკა ბოჭორიშვილი ანდრეი სიბიგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილი ანდრეი სიბიგას ტელეფონით ესაუბრა

უწყების ცნობით, საუბრისას მხარეებმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები​ განიხილეს. 

2026 წლის 6 მაისს, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან.

საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს," - წერია განცხადებაში. 

განახლება: 

უკრაინელ კოლეგასთან, ანდრი სიბიჰასთან სატელეფონო ზარის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი LIVE-ს“ ეთერშიც ისაუბრა.

ბოჭორიშვილი ამბობს, რომ უკრაინული მხარე საქართველოსთან კომუნიკაციაში გააქტიურდა და დღეს შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობას და საუბარს გააგრძელებენ.

„უკრაინული მხარე ნამდვილად გააქტიურდა საქართველოსთან კომუნიკაციაში. დღესაც შედგა სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგასთან და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას, საუბარს. მართლაც არის საკითხები, რომლებიც დაგროვილია დღის წესრიგში.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია რომ გადავდოთ გვერდით.

მნიშვნელოვანია ერთი ის, რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხრიდან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი და მეორე, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები რაც დაგროვდა ურთიერთობებში იყოს უკრაინული მხრიდან სწორად გაგებული, ისე როგორც გავიგეთ ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ.

საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტახანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები