„ტრაგიკულია, რომ ეს ადამიანები თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ" - ვაშაძე კობახიძეს პასუხობს

09.05.26 14:50
„ტრაგიკულია, რომ ეს ადამიანები თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ" - ვაშაძე კობახიძეს პასუხობს

„ტრაგიკულია, რომ ეს ადამიანები თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ და მსგავსი რიტორიკით გამოდიან." - ასე გამოეხმაურა "სტარეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ტრაგიკულ პიროვნებას უწოდებს.

მისი თქმით, თუ ვინმემ გააფუჭა ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობები, მმართველი პარტიაა, „რომლის მიზანიც ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაა“.

მართლა ტრაგიკულია, რომ ეს ადამიანები თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ და მსგავსი რიტორიკით გამოდიან. თუ ვინმემ გააფუჭა ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა თავად არიან, რომლებიც ახლა თავს ესხმიან ევროკავშირის ელჩსა და ჩვენს მეგობრებს, რადგან უნდათ, რომ იზოლაციაში მოგვაქციონ.

სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, რომ რუსეთში ტაში დაუკრან. მოჩვენებითად იმის საუბარი, რომ ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ, ეს როგორ უნდა მოხდეს? როცა შენს მოქალაქეებზე ძალადობ, ფეხქვეშ თელავ ნებისმიერ დემოკრატიულ პრინციპს, რაზეც ევროპული ოჯახის მთავარი იდეა დგას და მეგობრებს უპირისპირდები? ამიტომ 26 მაისს ყველანი მოდით აქციაზე, შევიკრიბოთ და გავცეთ მათ პასუხი, რომ ჩვენი გზა ევროკავშირისკენაა, განვითარებისკენ, ძლიერი სახელმწიფოსკენ და ერთ მუშტად შეკრული საქართველოსკენ და რომ უარს ვეუბნებით ამ დამაპირისპირებელ ძალას, რომელიც ბოროტების განხორციელებით არის დაკავებული“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ტრაგიკულ პიროვნება უწოდა. ევროკავშირზე იერიში მიიტანა შალვა პაპუაშვილმაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპო-ჯორჯიაში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე "ოცნებსი" არცერთი ლიერი არ გამოჩენილა.